„მოდერნისტები“ (1988, აშშ, რეჟისორი ალან რუდოლფი)
31 ივლისს ჯერალდინა ჩაპლინს 80 წელი შეუსრულდა. იუჯინ ო’ნილის შვილიშვილს და ჩარლი ჩაპლინის უფროს ქალიშვილს დღეს იხსენიებენ როგორც „ამერიკელ მსახიობს“, თუმცა ჯერალდინა 50 წელზე მეტხანს ცხოვრობდა ევროპაში მას შემდეგ, რაც მამა, მაკარტიზმის ერთ-ერთი მსხვერპლი, თავისი 8 შვილით შვეიცარიაში გადასახლდა.
ჯერალდინა ჩაპლინის შემოქმედების საუკეთესო წლები ესპანეთს უკავშირდება. მსახიობმა 12 წელი გაატარა მეუღლესთან, რეჟისორ კარლოს საურასთან ერთად და ითამაშა მის დიდებულ ფილმებში „ანნა და მგლები“, „ელიზა, ჩემო ცხოვრება“, „გამოკვებე ყვავები“. ამ ფილმების პირატულად განთავსებულ ასლებს აუცილებლად მიაგნებთ ინტერნეტში, თუმცა დღეს მინდა გირჩიოთ ალან რუდოლფის „მოდერნისტები“, რომლითაც ქართველი მაყურებელი პირველად გაეცნო დიდ მსახიობს (საურას კინოიგავები, გადაღებული ფრანკოს ეპოქაში, საბჭოთა გაქირავებას არ შეუძენია) - სხვათა შორის, ერთ-ერთი უკანასკნელი უცხოური ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევამდე გამოვიდა ჩვენს ეკრანებზე.
„ჩემს ასაკში ბევრი მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას. მე კი სიამოვნებით ვთამაშობ ბებიების როლებს. ნაოჭები მეხმარებიან მუშაობაში. ნაოჭები რომ მოვიცილო, როლებს აღარ შემომთავაზებენ“, - აღნიშნა ჯერალდინა ჩაპლინმა შარშან, რობერტ შვენტკეს ფილმის, „სენეკას“ პრემიერის შემდეგ. მის ამ განცხადებას პირდაპირი კავშირი არა აქვს „მოდერნისტებთან“, მაგრამ უთუოდ აცოცხლებს ამ ფილმს, რომელიც თავის დროზე ერთ ჩვეულებრივ „რეტროკინოდ“ აღვიქვით.
ასევე ნახეთ ბოროტების ტყვეებიჯერალდინა ჩაპლინი „მოდერნისტებში“ განასახიერებს ნატალი დე ვილს, ქალს, რომელიც ამერიკელ მხატვარს ნიკ ჰარტს (წარმატების იმედი რომ აქვს 20-იანი წლების პარიზში), სურათების კოლექციის გაყალბებას სთავაზობს. ბანალური მელოდრამატული ისტორია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც არჩევანის გაკეთება უწევს ორ ქალს შორის (პარიზში ნიკი ყოფილ ცოლს, რაიჩელს ხვდება), თავიდან ქმნის ნოსტალგიას „ლამაზი ეპოქის“ მიმართ - მოდილიანი, ლოტრეკი, რენუარი, პოსტიმპრესიონისტები, ქუჩის მხატვრები მონმარტრზე, ავანგარდისტი მხატვრების გამოფენები, სალონები, მაღალი მოდა... აგერ ჰემინგუეიც მანდაა. ეს ყველაფერი პარიზია (სხვათა შორის, ეპიზოდების უმრავლესობა კანადაშია გადაღებული), რომელიც ათასჯერ გვინახავს. მაგრამ დიდ ხელოვნებას, ბუნებრივის, ნატურალურის ეფექტს, რასაც ასეთი სიყვარულით ქმნიდნენ მხატვრები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში, უკვე წინააღმდეგობას უწევს ხელოვნური, ყალბი, ზედაპირული აგრესიული. არსებითად „მოდერნისტების“ ძირითადი კონფლიქტი იქმნება არა მელოდრამატული სამკუთხედით („ერთი კაცი და ორი ქალი“, „ერთი ქალი, ორი კაცი“), არამედ ნამდვილის და ყალბის დაპირისპირებით. ინტერნეტი და სოციალური ქსელები ჯერ არ ჰქონდა კაცობრიობას, მაგრამ ხელოვნების მასობრივი ტირაჟირების ეპოქაში (აბა, როგორ არ გაგვახსენდეს ვალტერ ბენიამინი!), ხელოვნების ნაწარმოების „საქონლად“ გადაქცევის ეპოქაში, იმავე მოდილიანის თუ სეზანის „ფეიკიზაციას“ წინ არაფერი ეღობებოდა.
ჰოდა, რამხელა ირონიაა, რომ ფილმში, რომელსაც „მოდერნისტები“ ჰქვია და რომელიც დიდი კულტურის დაისს ეძღვნება (ევროპაში ნაციზმის დაბადებამდე დიდი დრო არაა დარჩენილი), ერთ-ერთ მთავარ როლს ჯერალდინა ჩაპლინი ასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი იყო, როცა ჩარლიმ „რამპის ჩირაღდნებში“ გადაიღო, ჯერალდინა ჩაპლინი თავიდან არ აპირებდა კინომსახიობობას - ბალეტმა გაიტაცა (ესეც, ალბათ, „რამპის ჩირაღდნების“ გავლენით). მოგვიანებით, როცა დიდი მსახიობი გახდა, თავადაც ვერ მალავდა გაოცებას გარეგნულ მსგავსებაზე მასა და „რამპის ჩირაღდნებში“ მთავარი როლის შემსრულებელს, კლერ ბლუმს შორის, რომელიც ფილმში პარალიზებული ბალერინის როლს ასრულებს. ჯერალდინა მაინც ვერ გადაურჩა კინომსახიობობას, თუმცა ბალეტმა ასწავლა პლასტიკით, მოძრაობით, სხეულით ხასიათის გამოძერწვა, რასაც, ცხადია, ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი ისედაც სწრაფად აითვისებდა.
მაგრამ პლასტიკურობა მხოლოდ მოქნილ სხეულს არ გულისხმობს. ჯერალდინას სახემ ეკრანზე გამოჩენისთანავე მოხიბლა რეჟისორები, რომლებმაც მსახიობის ლამაზი ნაკვთების გარდა, „უდროობის“ თავისებური ხატი დაინახეს - ჯერალდინას გარეგნობა ადვილად მოერგო განსხვავებულ ეპოქებს - შუა საუკუნეებს (სხვათა შორის, თავად ამბობდა, რომ ჩაცმულობაში გოთიკურ სტილს ანიჭებდა უპირატესობას), მე-19 საუკუნეს, რუსეთის რევოლუციას („ექიმ ჟივაგოში“ განსახიერებული როლისთვის „ოქროს გლობუსზე“ იყო წარდგენილი, როგორც საუკეთესო დებიუტანტი). მაგრამ მისი ეს დროისგან განყენებული იმიჯი განსაკუთრებით კარგად გამოიყენა კარლოს საურამ თავის იგავებში, რომლებიც ფრანკოს ეპოქაში გადაიღო. ამ ფილმებში ჯერალდინა მართლად თვალებით თამაშობს. საურასთან ერთად სწორედ ჩაპლინი ქმნის იდუმალების და ხიფათის მოლოდინის ატმოსფეროს, ასე ძალიან რომ უყვართ კინოს მოყვარულებს ესპანელი რეჟისორის ფილმებში.
ასევე ნახეთ არ მოინდომო მამის ქონებაეს მოლოდინი იგრძნობა „მოდერნისტებშიც“. აქ უკვე გათანაბრებულია კონტრაცეპტივების ბიზნესი დიდი მხატვრების სურათების ყიდვა-გაყიდვასთან. გაყალბება გადაიქცევა მთელი ამ სამყაროს არსებობის ფორმად. თუკი ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ „მოდერნისტების“ ავტორებს ნაკლებად აინტერესებთ ფრანგები და მთელი ყურადღება პარიზში ჩასახლებულ ამერიკელებზე გადააქვთ, ალან რუდოლფის ეს ფილმი ჰოლივუდის თვითკრიტიკადაც შეიძლება აღვიქვათ. განა ადამიანური ოცნების გასაყიდ „საქონლად“ გადაქცევა საგანგებოდ აშენებულ ფაბრიკაში ისეთივე „ფეიკი“ არაა, როგორც დიდი მხატვრების გაყალბებული შედევრები?
საგულისხმოა, რომ ნატალი დე ვილის როლი თავიდან იზაბელა როსელინის უნდა შეესრულებინა - კიდევ ერთ მსახიობს, რომელსაც ჯერალდინა ჩაპლინის მსგავსად არასდროს უთქვამს უარი თავის თავზე, თავის ასაკზე. როსელინი შეცვალეს ჩაპლინით, მაგრამ კონცეპტუალურად არაფერი შეცვლილა, დარჩა სახე ევროპაში გადახვეწილი ამერიკელი ქალისა, რომელიც ჰოლივუდს ასაკში, მრავალი წლის შემდეგ დაუბრუნდა და ამერიკული კინო ყველაზე მთავარით - ბუნებრიობით გაამდიდრა.
ნახეთ ფილმის ორიგინალური ვერსია ასაკობრივი შეზღუდვით.
ფილმის ვერსია საბჭოთა გაქირავებაში.