საჩხერის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (1000-1000 ლარი) შეუფარდა სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატ ლადო ქუთათელაძის თქმით, სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ.
კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარე აქციების მონაწილეებს პროკურატურამ 31 ივლისს ბრალი წარუდგინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხების მუხლით. პროკურატურამ სასამართლოსგან ბრალდებულებისთვის აღკვეთის ზომად გირაოს შეფარდება მოითხოვა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად 2024 წლის მარტიდან ორგანიზებულად მოახდინეს კომპანია „მაღაროელის“ კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება, 21 ივლისს კი განზრახ შეაფერხეს სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც, მათი შეფასებით, შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს.
ბრალდებული გიორგი ნეფარიძე პროკურატურის მიერ მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს. ნეფარიძის ინფორმაციით, 21 ივლისს „კომპანიის წარმომადგენლები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან მივიდნენ და პროვოკაციული გზით ცდილობდნენ სამუშაო პროცესის აღდგენას“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მცხოვრები 35 ოჯახის წევრები, რომლებიც კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან უწყვეტ აქციას მარტიდან მართავენ, მოითხოვენ 2021 წელს საპროტესტო აქციების შედეგად კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიღებული პირობების შესრულებას. აქციის მონაწილეთა თანახმად, მათი პრობლემით საქართველოს მთავრობა არ დაინტერესებულა.
შუქრუთში ვახტური წესით მადნის მოპოვება 2017 წლიდან განახლდა. როგორც მაღაროელები ამბობენ, სოფლის ქვეშ 12 ახალი გვირაბი გაიყვანეს და საყრდენებად დატოვებული მადანი გამოიტანეს.
2021 წლის საპროტესტო აქციების დროს შუქრუთელები აცხადებდნენ, რომ სწორედ ამ პროცესს უკავშირდებოდა მათი სახლების დაზიანება, ნგრევა და მიწის ნაკვეთების ჩაქცევა. შუქრუთსა და თბილისში გამართული ხანგრძლივი აქციების შემდეგ, კომპანიამ პირობა დადო და ხელშეკრულებაში ჩაწერა, რომ ზიანს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეაფასებინებდა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი ნეფარიძის ინფორმაციით, ექსპერტები შუქრუთში მართლაც იმყოფებოდნენ, დასკვნაც მოამზადეს, მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზი“ დოკუმენტს არ ასაჯაროებს. ნეფარიძის ვარაუდით, დასკვნაში აღწერილი ზარალი და საკომპენსაციო თანხის ოდენობა ბევრად აღემატება კომპანიის აუდიტის მიერ განსაზღვრულ ზარალს და „ჯორჯიან მანგანეზი“ დასკვნას ამ მიზეზით მალავს. აქციის მონაწილეებმა დასკვნის გადაცემა ექსპერტიზის ბიუროსაც მოსთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს იმ განმარტებით, რომ დოკუმენტი მხოლოდ დამკვეთისთვისაა ხელმისაწვდომი.
ჭიათურის საბადოების მართვა 2023 წელს გადაიბარა ახლად დაფუძნებულმა კომპანიამ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“. მისი ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში მცხოვრებ 280 ოჯახთან ჯერ კიდევ 2020 წელს გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვით, ზარალი უნდა აენაზღაურებინათ გეგმაზომიერად, წელიწადში 700 ათასიდან მილიონ ლარამდე. მისივე ცნობით, სამ წელიწადში ჯამში 12 მილიონი ლარია გადახდილი.
კომპანიის წარმომადგენელმა მირიან ბიჭიკაშვილმა 26 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არიან გააგრძელოს მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, თუმცა ეს დაკავშირებულია მადნის მოპოვების აღდგენასთან. ხოლო თუ სამუშაოები არ გაგრძელდება, მისი განცხადებით, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამძიმდება და შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს არა მხოლოდ კომპენსაციების გაცემა, არამედ დასაქმებულებისთვის ხელფასის გადახდაც. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ კომპენსაციების გაცემის განახლების მზადყოფნას გამოთქვამენ, თუ აქციის მონაწილეები სამუშაო პროცესს აღარ შეაფერხებენ.