მომავალი არჩევნებისთვის პარტიების ნაწილს სახელის შეცვლა მოუწევთ

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებული  პოლიტიკური პარტიები, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ არა გაერთიანების, არამედ გაერთიანებაში შემავალი რომელიმე ერთი პარტიის სახელით. 

რას ნიშნავს ეს, აგიხსნით მარტივად.

გასული წლებისგან განსხვავებით, წელს პარტიებს ბლოკების შექმნა ეკრძალებათ. იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი გადალახონ, მათ ბლოკების ნაცვლად გაერთიანებები შექმნეს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ოპოზიციონერი პარტიების გამსხვილებას ართულებს, პარლამენტმა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2023 წლის ოქტომბერში მიიღო.

უკვე ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებში:

  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მიიღებს მონაწილებას. მათ გაერთიანებას „ერთიანობა“ ჰქვია;
  • „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახლის“ გაერთიანებას - „კოალიცია ცვლილებებისთვის“;
  • „ლელოს“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანს“ - „ძლიერი საქართველო“.

შეცვლილი საარჩევნო კოდექსის გამო მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენებში არ ეწერება არცერთი ამ კოალიციის სახელი. ამომრჩეველს დახვდება მხოლოდ იმ პარტიის სახელი (ან მისი შემოკლებული ვერსია), რომლის საარჩევნო ნომრითაც გაერთიანება იყრის კენჭს.

„პარტიამ, რომელიც ცესკოს მომართავს არჩევნებში რეგისტრაციისთვის, უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამით გახდება ცნობილი, რა სახელწოდება აქვს პარტიას და რა არის მისი შემოკლებული დასახელება. ცესკოში რეგისტრაციისთვის სახელწოდებაში რაიმეს დამატება შეუძლებელია, ამოკლება - ნებადართულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

მისი თქმით, თუ პარტიებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების სახელწოდების დარქმევის სურვილი აქვთ, მათ ცესკოში რეგისტრაციამდე იმ პარტიას უნდა გადაარქვან სახელი, რომლის სიითაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ. ცესკოში პარტიათა რეგისტრაცია არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 26 სექტემბერს შეჩერდება.