ჯაფარიძეს, ხოშტარიას, ვაშაძეს, დოლიძეს საკუთარი პარტიების დატოვება მოუწევთ - რატომ?

ფოტოკოლაჟი: ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ანა დოლიძე

პოლიტიკური პარტიების ლიდერებს: ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს საკუთარი პარტიების დატოვება მოუწევთ. სხვა შემთხვევაში ისინი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

რატომ?

მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა მათი არჩევნებში ერთად მონაწილეობისთვის საერთო საარჩევნო სიების შექმნაა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი. კანონში პარლამენტმა ეს აკრძალვა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2023 წლის ოქტომბერში ჩადო.

უკვე ცნობილია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე

  • „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ სიით გავა;
  • „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - „ახლის“;
  • „ხალხისთვის“ - „ლელოს“ სიით.

ეს იმას ნიშნავს, რომ ანა დოლიძეს თავისივე დაფუძნებული პარტიის („ხალხისთვის“) დატოვება მოუწევს, ზურა ჯაფარიძეს - „გირჩი - მეტი თავისუფლების“, ელენე ხოშტარიას კი - „დროას“.

მმართველ პარტიაში ჯერ არ ამბობენ, ვინ იქნება მათ საარჩევნო სიაში, შესაბამისად, უცნობია მოუწევთ თუ არა იმავეს გაკეთება „ხალხის ძალის“ წევრებს.

ამ ეტაპზე გაერთიანებაზე საუბრობენ „მოქალაქეებისა“ და „ლელოს“ ლიდერებიც - თუ ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ კოალიციას შეუერთდება, მასაც მოუწევს თავისი დაფუძნებული პარტიის დატოვება.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არჩევნების გამართვამდე ყველა საარჩევნო სია შემოწმდება იმის გასარკვევად, ხომ არ არის მასში სხვა რომელიმე პარტიის წევრი.

როგორ დაადგენს ცესკო ამ საკითხს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ერთ-ერთი გზა საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვაა - სწორედ იქ ინახება ინფორმაცია პარტიის წევრთა შესახებ.

„თუ კანდიდატი სხვა პარტიის წევრია, მას ცესკო უარს ეტყვის რეგისტრაციაზე“, - ამბობს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის თითოეული პარტია ვალდებულია წარადგინოს სულ მცირე 30-კაციანი სია. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა გადამოწმების შემდეგ სიაში უფრო ნაკლები კანდიდატი დარჩება, პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.