ჰამასის თანახმად, თეირანში მოკლულია მოძრაობის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე

ისმაილ ჰანიე 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის პოლიტიკურ ბიუროს.

თეირანში თავდასხმის შედეგად მოკლულია პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, 61 წლის ისმაილ ჰანიე. ამის შესახებ მედიასაშუალებები იუწყებიან ჰამასის და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებებზე დაყრდნობით.

მათ თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულეს. ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ჰამასის პოლიტიკური ლიდერი 30 ივლისს თეირანში ესწრებოდა ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას.

ჰამასის მიერ დღეს, 31 ივლისს, გავრცელებული ცნობით, ისმაილ ჰანიე დაიღუპა თეირანის შტაბ-ბინაზე დარტყმის შედეგად. კონკრეტულად რა სახის დარტყმა იყო, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მოკლულია ჰანიეს ერთ-ერთი მცველიც, დაწყებულია გამოძიება.

ისრაელმა ჰამასის და მისი ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250 მძევლად აიყვანეს.

ისმაილ ჰანიემ ღაზის სექტორი ჯერ კიდევ 2019 წელს დატოვა და კატარში ცხოვრობდა.

ასევე ნახეთ ღაზის სექტორში მოკლულია ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას სამი ვაჟი და რამდენიმე შვილიშვილი

ისმაილ ჰანიე 1963 წლის 29 იანვარს დაიბადა ღაზის სექტორში. 1987 წელს დაამთავრა ღაზის ისლამური უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი.

1997 წელს გახდა მოძრაობა ჰამასის დამფუძნებლის, შეიხ იასინის მდივანი. 2006-2007 წლებში იყო პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი. 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა ჰამასის პოლიტიკურ ბიუროს.

აშშ-ს და ევროკავშირს ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.

2024 წლის მაისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ითხოვა ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი ისმაილ ჰანიეს დაპატიმრების ორდერი.