30 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა ევროპის მომავლის შესახებ, სადაც საქართველოს შესახებაც იმსჯელეს.
კომიტეტმა მოუსმინა ჯეიმს ო’ბრაიენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
„აქტიურად განვიხილავთ ჩვენს ვარიანტებს“ სანქციებთან დაკავშირებით, თქვა ო'ბრაიენმა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა მოიყვანონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „შესაბამისობაში ევროკავშირის კანონთან და არა რუსულ კანონთან... არ ააშენებინოთ ჩინეთს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში - ეს ნაბიჯებია მართლაც მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის“, - თქვა მან კითხვებზე პასუხისას.
საქართველო საათნახევრიანი მოსმენის დასაწყისშივე, შესავალ სიტყვაში ახსენა ჯინ შაჰინმა, დემოკრატმა სენატორმა ნიუ-ჰემფშირიდან:
„როგორ გავაგრძელოთ დემოკრატიული სულისკვეთების მხარდაჭერა საქართველოსნაირ ქვეყნებში, სადაც მთავრობა ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს მისი ხალხის ძლიერი ევროპული მისწრაფებების მიუხედავად?“ - იკითხა სენატორმა შაჰინმა მისასალმებელ გამოსვლაში.
„მათ ზურგი აქციეს ევროკავშირისა და ნატოსაკენ მიმავალ გზას“
უშუალოდ განხილვისას, რომელიც შეეხო უკრაინის დახმარებას, რუსეთის შეკავების სწორ სტრატეგიასა და ჩინეთის მზარდ გლობალურ როლს, საქართველოს საკითხი კვლავ ჯინ შაჰინმა წამოჭრა.
თავდაპირველად, მან საქართველოს მთავრობას შეახსენა, რომ ვაშინგტონში „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ნაბიჯებით გამოწვეული უკმაყოფილება ორპარტიულია - საქართველოში განვითარებულ მოვლენებს არ იწონებენ არც დემოკრატები და არც რესპუბლიკელები:
„იმედი მაქვს, [საქართველოს] მთავრობას ესმის, რომ ეს საკითხი ორივე პარტიისთვისაა პრობლემა“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
ამის შემდეგ სენატორმა თქვა, რომ აშშ უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ადამიანებისათვის სანქციების დასაწესებლად.
„როგორც ჩანს, საქართველოში არის [მმართველი] ელიტა, რომელსაც სხვა მოსახლეობა სურს. მათ ზურგი აქციეს ევროკავშირისა და ნატოსაკენ მიმავალ გზას“, - ასე დაიწყო საქართველოზე დასმული კითხვის გაცემა ჯეიმს ო’ბრაიენმა. მან თავის საწყის გამოსვლაში ახსენა, რომ „კასპიის ზღვიდან ადრიატიკის ზღვამდე“ არიან ქვეყნები, რომლებსაც კარგა ხანია, რუსეთის გავლენისგან თავის დახსნა სურთ, თუმცა ბოლო დროს რამდენიმე გამონაკლისიც გამოჩნდა, რომელთა უკან ან რუსეთი, ან ადგილობრივი ელიტები დგანანო.
„ასეთებს მოსწონთ ევროპული ბანკები, მაგრამ ევროპული კანონის უზენაესობა - არა“, - დასძინა ო’ბრაიენმა.
„უკან დასაბრუნებელი გზა არსებობს“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა საქართველოზე საუბრისას სამი ძირითადი პრობლემური საკითხი გამოყო: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ე.წ. აგენტების კანონი და ანაკლიის პორტი.
„საქართველოს მთავრობისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არსებობს, სამოქალაქო საზოგადოებაზე ძალადობის გარეშე ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით; რაც უნდათ, იმ მოთხოვნების მიღებით გამჭვირვალობაზე, აგენტების კანონს ვგულისხმობ, მაგრამ მოიყვანეთ ის შესაბამისობაში ევროკავშირის კანონთან და არა რუსულ კანონთან; და არ ააშენებინოთ ჩინეთს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. ეს ნაბიჯებია მართლაც მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის“, - აღნიშნა ჯეიმს ო’ბრაიენმა.
მან ასევე ისაუბრა შესაძლო სანქციებზე, რომელიც შეიძლება კიდევ დაუწესდეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელ პირებს. ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება შეეხოთ როგორც კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს, ისევე იმ ადამიანებს, ვინც შემჩნეული იქნება ადამიანის უფლებების ხელყოფაში:
„თქვენ სანქციებზე იკითხეთ, - მიმართა ჯეიმს ო’ბრაიენმა სენატორ შაჰინს, - ამ კუთხით, აქტიურად განვიხილავთ ჩვენს ვარიანტებს. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მაგრამ ამაზე ვმსჯელობთ. ეს არ ეხება მხოლოდ იმათ, ვინც კორუფციით ისარგებლა, არამედ იმათაც, ვინც ადამიანების უფლებების დარღვევაშია ჩართული“.
დასასრულს ჯინ შაჰინმა თქვა, რომ არ ესმის, „რატომ არ უსმენს მთავრობა ქართველ ხალხს, რომელსაც აშკარად არ უნდა იმ გზით წასვლა, საითაც ახლა მიდიან“, რის პასუხადაც ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კურსით კმაყოფილი მხარე მხოლოდ რუსეთია:
„თუ ნახავთ მათი მთავარი პროპაგანდისტების ბოლოდროინდელ განცხადებებს, ისინი მიესალმებიან ამ შემობრუნებას და რუსეთმა შავი ზღვის ფლოტი აფხაზეთში გადაიტანა. [საქართველოს] ლიდერშიპის მტკიცება, რომ ეს ნეიტრალიტეტისკენ გადადგმული ნაბიჯია, ვფიქრობ, არ ასახავს რეალობას“.
მაისში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ - 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.
იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.
დამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.
პენტაგონის თანახმადვე, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა 2024 წლის 30 მაისს დაიწყო.