გერმანელი ტურისტი, 44 წლის კაცი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში შხამიანი გველის ნაკბენით გარდაიცვალა. მერის წარმომადგენელი სოფელ ჩაისუბანში, ჯუმბერ ყურშუბაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კაცი კბენიდან რამდენიმე წუთში მოკვდა.
შემთხვევა გუშინ, 29 ივლისს, მოხდა.
„გარდაიცვალა მალე, 500 მეტრი გაუვლია... [მთის ასპიტს] იჭერდა და უშვებდა - ეთამაშებოდა და უკბინა. ჩვენთან ტყეა, ჯვარს უწოდებენ, მანდ ისვენებდა, ოჯახთან ერთად იყო ჩამოსული“, - ამბობს მერის წარმომადგენელი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ადგილობრივზე დაყრდნობით წერს, რომ გველი ტურისტს ეკუთვნოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით. როცა არ იკვეთება სავარაუდო დანაშაულის კვალი, როგორც წესი, გამოძიება ამ კვალიფიკაციით იწყება.