სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეწყვეტს უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას, თუ კიევი არ აღადგენს რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს.
„თუ უახლოეს მომავალში არ აღდგება რუსული ნავთობის ტრანზიტი უკრაინის გავლით, Slovnaft-ი არ გააგრძელებს უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას, რომელიც უკრაინის მოხმარების მეათედს ფარავს“, - თქვა ფიცომ. მან დასძინა, რომ ნავთობის მიწოდების საკითხები უკრაინის ელჩთან, მიროსლავ კასტრანთან მოლაპარაკებებზე განიხილა.
ფიცოს თქმით, პარასკევს მან უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს შესთავაზა ნავთობის ტრანზიტის აღდგენის ტექნიკური გადაწყვეტა. ფიცოს ამ წინადადების დეტალები არ გაუხმაურებია.
18 ივლისს უკრაინამ შეწყვიტა რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანსპორტირება სლოვაკეთში. შეზღუდვები მხოლოდ „ლუკოილის“ ნავთობის მიწოდებას ეხება რუსული კომპანიის წინააღმდეგ უკრაინული სანქციების გამკაცრების გამო. სლოვაკეთში სხვა რუსული ნავთობის მიწოდება არ შეწყვეტილა. მანამდე ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ შეწყდა უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის მიწოდება.
22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირს მიმართეს თხოვნით, დაეხმაროს მათ უკრაინის დარწმუნებაში, რომ განაახლოს აღმოსავლეთ ევროპაში „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტი.
უნგრეთი და სლოვაკეთი ნავთობს რუსეთიდან იღებენ ნავთობსადენ „დრუჟბით“. ის ბელარუსის ტერიტორიაზე გადის. მოზირში მილსადენი ორად იტოტება. ჩრდილოეთი ტოტი მიდის პოლონეთსა და გერმანიაში, ხოლო სამხრეთი მილსადენი უკრაინის გავლით მიემართება სლოვაკეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში.
„ლუკოილს“ 2018 წლიდან აქვს დაწესებული უკრაინის სანქციები, მაგრამ შეზღუდვები გავლენას არ ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. 2024 წლის ივნისში სანქციები გამკაცრდა. კერძოდ, დაწესდა ტრანზიტის აკრძალვა.