საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატებს ცხრა დათქმის შესრულების საკითხზე ესაუბრა

საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად საჭირო ცხრა დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით ესაუბრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„დიპლომატიურ წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ე.წ. ცხრა ნაბიჯის შესახებ საქართველოს მიერ განხორციელებული საქმიანობის, იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ.

სამინისტროს მედიასაშუალებებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს დიპლომატებთან.

შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე გამოხატეს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის პოზიცია. მისი თქმით, ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.

„ჩვენ ვახსენეთ კომისიის დასკვნა, რომელიც 27 ივნისს, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო, სადაც ევროკავშირი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გაწევრიანების გზაზე უკუსვლაა, ხელს უშლის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უკან გაიწვიონ ეს ტენდენცია, რასაც დე ფაქტოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამდე მივყავართ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გააჟღერეს ხელისუფლების განზრახვა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, რაზეც ვუპასუხეთ, რომ ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, როგორც ამაზე 27 ივნისს ლიდერები შეთანხმდნენ. ჩვენ გავაჟღერეთ 27 წევრი ქვეყნის პოზიცია, რომელიც საკმაოდ დამაჯერებელია.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო სხდომაზე, ივნისში განაცხადა, ჩვენ გავყინეთ 30-მილიონიანი დახმარება ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ასევე შევამცირეთ მაღალი დონის შეხვედრები. ასევე, განხილვის პროცესშია მთავრობისთვის ჩვენი დახმარების გაწევის საკითხი. სხვა განცხადებები მომავალში იქნება“, - თქვა ასუნსიონ სანჩეს რუისმა [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი].

2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

ასევე ნახეთ რას მოიცავს 9 დათქმა - ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით მიიღო „აგენტების კანონი“, პარტნიორი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია.

ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა