მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა მოძრაობა „ვესნას“ ორი აქტივისტი, ვლადისლავ სორვენკოვი და მაკარ დიაკონოვი. ამის შესახებ „მედიაზონა“ იტყობინება.
სორვენკოვს ბრალს სდებენ სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად ექვსი მუხლის მიხედვით. მათ შორისაა ექსტრემისტული თემის ორგანიზება, ნაციზმის რეაბილიტაცია და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. რუსეთის სასამართლოები უკრაინაში ომის შესახებ ცნობებს ყალბად აღიარებენ, თუკი ისინი არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას.
დიაკონოვს დაკავებისას ბრალი წაუყენეს მხოლოდ ერთი მუხლით - ექსტრემისტული თემის ორგანიზების შესახებ, თუმცა ცნობილია, რომ მას ადრე კიდევ სამი მუხლით ედებოდა ბრალი, წერს „მედიაზონა“.
ორივე აქტივისტი რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება. გასულ კვირაში ცნობილი გახდა საქმის სხვა მონაწილეების - ლევ გიამერისა და გლებ კონდრატიევის დაუსწრებლად დაკავების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ მოძრაობა „ვესნა“ 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა ექსტრემისტულად. პროკურატურამ ეს მოითხოვა მობილიზაციის წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ, რომლებიც, მათ შორის, „ვესნას“ მიერ იყო ორგანიზებული. მოძრაობის აქტივისტები არაერთხელ გაჩხრიკეს, მათ ავიწროებდნენ და აპატიმრებდნენ. 2023 წლის სექტემბერში მოძრაობის 21 წევრი მოხვდა „როსფინმონიტორინგის“ ექსტრემისტების სიაში. მათ შორის არიან ასევე სორვენკოვი, დიაკონოვი, გიამერი და კონდრატიევი.
ივნისში პეტერბურგის სასამართლომ მიიღო საქმის მასალები „ვესნას“ ექვსი აქტივისტის წინააღმდეგ, რომლებიც წელიწადზე მეტია, პატიმრობაში იმყოფებიან, წერს „მედიაზონა“.