ჩინეთი რუსეთიდან იუანით ანგარიშსწორების 80%-ს ბლოკავს - "კომერსანტი"

საილუსტრაციო ფოტო. ჩინეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის (EXIM) შტაბი პეკინში

რუსეთიდან ჩინეთში იუანში გადახდების დაახლოებით 80% ბრუნდება უკან იმის გამო, რომ ჩინური ბანკები შესაძლო მეორეხარისხოვან სანქციებს უფრთხიან. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით "კომერსანტი" იტყობინება.

გამოცემის სხვა თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ გადახდები ანგარიშებზე შეიძლება იყოს რამდენიმე კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი რუსულ კომპანიებს უბრუნდება ახსნა-განმარტების გარეშე. სიტუაცია გაუარესდა ივნისში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა "რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის" ცნება და მასში მსხვილი რუსული ბანკებიც შეიყვანა. რუსეთიდან ჩინეთში გადარიცხვების პრობლემები 2023 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა მეორადი სანქციები სხვა ქვეყნების ბანკებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებთან.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ზოგჯერ საქონელი ჩინეთიდან რუსეთში იგზავნება, მაგრამ ჩინელი ექსპორტიორი ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ვერ ახერხებს ფულის მიღებას. ამიტომ ანგარიშსწორებისთვის რუსი იმპორტიორები იძულებული ხდებიან, ისარგებლონ შუამავალი აგენტებით, რომელთა მომსახურების საკომისიო ზოგჯერ საერთო თანხის 30%-საც კი აღწევს.

  • ჩინური ბანკების მეშვეობით თანხების გადარიცხვის სირთულეებზე რუსული კომპანიები მანამდეც აცხადებდნენ - 2023 წლის ზაფხულში რუსეთის საფინანსო ორგანიზაციები ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იუანებში "ჩინეთის ბანკის” (Bank of China) მეშვეობით გადარიცხვების აკრძალვას შეეჯახნენ, ამ წლის თებერვალში კი რუსეთის იმპორტიორების მთავარმა პარტნიორმა ბანკმა, Chouzhou Commercial-მა, შეწყვიტა ყველა ანგარიშსწორება რუსეთთან.

ასევე ნახეთ

ცენტრალური აზიის ბანკები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს რუსული კომპანიების მომსახურებაზე