სააკაშვილი: გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ქუჩაში დგომისთვის

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე. 2024 წლის 29 ივლისი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, თუმცა გაყალბებული შედეგები გამოცხადდება. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ისაუბრა, კლინიკა „ვივამედიდან“ ონლაინჩართვის დროს. დღეს სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის საქმის განხილვა, საქმეში ექსპრეზიდენტი სააკაშვილია ბრალდებული.

„ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის. მას შემდეგ, რაც ესენი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველა ერთად, ასობით ათასი ადამიანი, ქუჩაში დგომისთვის - დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად მანამ, სანამ მათ არ ვაიძულებთ, აღიარონ ქართველი ერის არჩევანი...

ჩვენ მილიონები ვართ და მზად უნდა ვიყოთ საკუთარი თავის დაცვისთვის და იმისთვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ. გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ბრძოლით, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. დააკვირდით, როგორი შეშინებულები არიან და აქეთ გვაშინებენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, „ეს არის პირველი არჩევნები, როცა ყველა ყველაფერს მიხვედრილია და ბოლო არჩევნები, როცა შეგვიძლია რამე შევცვალოთ“.

საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 5-პროცენტიანი ბარიერით 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მეოთხე ვადით დარჩება ხელისუფლებაში, ოპოზიციას კი საკუთარი გამარჯვების სჯერა.