საქართველოს მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 37%-ის აზრით კი - სწორი მიმართულებით. ასეთია საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანია Edison Research-ის კვლევის შედეგები.
უკანასკნელი სამი კვლევის თანახმად, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. დეკემბერში მათი რაოდენობა 57% იყო, აპრილში - 59%.
იმათი მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ყველაზე მაღალია 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 72%. 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 71% არის. ყველა ცალკეულ ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობს იმათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით.
კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, შემთხვევითი შერჩევით, გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და უფროსი ასაკის 1 000 ადამიანი.
შესაძლო ცდომილება არის +/-2,5% საქართველოს მასშტაბით და +/-2,5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის პერიოდში.