ნატოს მიერ უკრაინის მიწვევა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის შეთავაზება იქნებოდა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მოგვაშორებდა დაშოშმინების პოლიტიკას და დაგვაბრუნებდა საერთაშორისო სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან,“ აცხადებს ათეულობით მეცნიერი წერილში, რომელიც The Guardian-მა გამოაქვეყნა 27 ივლისს.
ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ რუსეთმა საკმაოდ მშვიდად მიიღო ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება. მეცნიერთა თქმით, ეს აბათილებს მტკიცებას, რომ რუსეთი უკიდურესად ნერვიულობს, რომ ნატო მას კიდევ უფრო მიუახლოვდება.
„დროა, ვაღიაროთ, რომ რუსეთი ნატოში უკრაინის წევრობას ეწინააღმდეგება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხელს შეუშლიდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის უწყვეტ აგრესიას“, - აცხადებენ წერილის ავტორები.
ასევე ნახეთ ვის რა უნდა მშვიდობასთან ერთად?„ფოკუსი ‘ნატოს სავარაუდო გაფართოების გამო შიშებზე’ და მისი დაშოშმინების მცდელობაზე ყურადღების მიღმა ტოვებს რუსეთის გენოციდურ პროპაგანდას და სისტემურ სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის მასობრივ ხოცვას, მასობრივ გაუპატიურებებსა და წამებას“, - წერია წერილში, რომელსაც 150-ზე მეტი მეცნიერი აწერს ხელს მთელი მსოფლიოდან.
ახლახან ვაშინგტონში გამართულ სამიტზე ნატოს 32-მა წევრმა განაცხადა, რომ განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას მისი წევრობისკენ მიმავალ „შეუქცევად გზაზე“, მაგრამ რაიმე ვადები არ დაუწესებიათ.