თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ კითხვას და თქვა, რომ „საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი“ და რომ ეს ხდება მხოლოდ ქვეყნის შიგნით კი არა, მის გარეთაც:
„ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ის უბრალოდ გადარჩა, ასე შეიძლება ათასში ერთი ადამიანი გადარჩეს... ეს არის ბინძური ძალა საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსდება უცხოეთიდან, მფარველები ჰყავს უცხოეთში და მკადრებელია ყველაფრის. ეს არ არის უბრალო სიტყვები ან მოგონილი. გავიხსენოთ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, რას აკეთებდნენ, რას ბედავდნენ, რას სჩადიოდნენ და რას აკადრებდნენ ქვეყნის მოსახლეობას. შესაბამისად, დღეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენენ აღნიშნული რადიკალები, ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან იმართებიან“, - ამბობს კახა კალაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
2014 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით, მათ შორის იყო „საბურავების საქმე“, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა.
ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები ხელისუფლებამ დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც.
გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.
ასევე ნახეთ „ოთხ წელიწადში ერთხელ სუსში მიბარებენ, ჩემპიონატივით“ - ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმე