მინიმუმ 30 პალესტინელი დაიღუპა და 100 დაშავდა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სკოლის შენობაზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. ამის შესახებ განაცხადა ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც აკონტროლებს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება ჰამასი.
ჰამასთან დაკავშირებული სტრუქტურები ირწმუნებიან, რომ შენობა საველე ჰოსპიტლად გამოიყენებოდა. ინფორმაციის დამოუკიდებლად შემოწმება ვერ მოხერხდა, იუწყება სააგენტო DPA.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ მათ დაარტყეს ხადიჯას სკოლას დეირ ალ-ბალახში, რათა გაენადგურებინათ იქ განლაგებული ჰამასის სამეთაურო პუნქტი. სამხედროები აღნიშნავენ, რომ ისლამისტები შენობას იყენებდნენ ისრაელის ჯარებზე თავდასხმების კოორდინაციისთვის და იარაღის სამალავად. ვერც ამ ინფორმაციის დადასტურება მოხერხდა დამოუკიდებელი წყაროებით.
ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების წევრები გასული წლის 7 ოქტომბერს შეიჭრნენ ქვეყნის სამხრეთში და მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი. 250-მდე მძევლად აიყვანეს. პასუხად ისრაელის არმიამ მასიური საჰაერო დარტყმები და სახმელეთო შეტევები წამოიწყო. ჰამასთან დაკავშირებული წყაროები ამტკიცებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სექტორში დაიღუპა დაახლოებით 39 000 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. ისრაელს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ადანაშაულებს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში.