სწავლა ჩინეთში - შესაძლებლობა თუ ხაფანგი

ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა იწყებს ჩინურის სწავლას იმ იმედით, რომ ჯერ ჩინეთში წასასვლელად საჭირო სტიპენდიას მოიპოვებს და ეგზოტიკური კულტურის ქვეყანაში იმოგზაურებს, შემდეგ კი კარგ სამსახურს ადვილად იშოვის.

საქართველოში, რომელიც შარშან ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდა, გასული 15 წლის განმავლობაში კონფუცის 4 ინსტიტუტი გაიხსნა, შეიქმნა სინოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და ყოველწლიურად სულ მცირე 20 ახალგაზრდა იღებს ჩინეთის მთავრობის სტიპენდიას, რომელიც სრულად ფარავს მათთვის ჩინეთში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს.

ზაფხულის სემესტრის მიწურულს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის სცენაზე ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ათამდე ახალგაზრდა დგას, მათი უმეტესობა გოგოა. ატლასის ნაქარგებიანი კაბები და ჰაეროვანი მოსასხამები სპეციალურად ამ დღისთვის იშოვეს - ეს ტრადიციულ ჩინურ სამოსთან მიმსგავსებული ტანსაცმელია. სტუდენტები ცეკვავენ, ჩინურ ხალხურ სიმღერებს მღერიან და ლექსებსაც ჩინურად კითხულობენ. დარბაზის სკამების დიდი ნაწილი ცარიელია, თუმცა დამსწრეებს შორის არიან საპატიო სტუმრები ჩინეთის საელჩოდან. აუდიტორია სულ რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგება. უმეტესობა ახლო აღმოსავლეთით ან საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული სტუდენტები არიან. ეს ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დრაკონის ნავების დღესასწაულის აღნიშვნის პირველი მცდელობაა.

დრაკონის ნავების ფესტივალის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2024 წელი, 20 ივნისი

ჩინური სახალხო დღესასწაული პოეტ ციუ იუანის პატივსაცემად ყოველი წლის მეხუთე თვის მეხუთე დღეს იმართება - როგორც წესი, არა დარბაზებში, არამედ გარე სივრცეში, დრაკონის დიდი ნავებით და მრავალრიცხოვანი მაყურებლით.

ლეგენდის თანახმად, ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში, ჩუს სამეფოს დაცემით სასოწარკვეთილი პოეტი, ციუ იუანი მდინარეში გადახტა. თანასოფლელები სანამ ცხედარს იპოვიდნენ, ბრინჯის ბურთულებს ყრიდნენ წყალში, რომ პოეტის სხეული თევზებს არ შეეჭამათ. ლერწმის ფოთოლში შეხვეული, ორთქლზე მოხარშული წებოვანი ბრინჯის ბურთები ლობიოს, ფინიკის ან სხვა შიგთავსით ამ დღესასწაულის მთავარი კულინარიული ატრიბუტია.

დრაკონის ნავების ფესტივალი ჰონგ-კონგში; 2017 წელი

თსუ-ში სინოლოგია 15 წელია რაც ისწავლება, თუმცა გასულ წლამდე მისი არჩევა მხოლოდ მეორად პროფესიად იყო შესაძლებელი. ახლა ეს პროგრამა უნივერსიტეტის კურიკულუმში მთავარ სპეციალობადაცაა შეტანილი.

პროგრამის ხელმძღვანელი, ნანა გელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ყოველ წელს სულ უფრო მეტი სტუდენტი ინტერესდება ჩინური ენითა და კულტურით. დღეს უნივერსიტეტს სინოლოგიის სრულყოფილი საბაკალავრო პროგრამა აქვს, სადაც გარდა ჩინური ენისა, ჩინურ კულტურას, რელიგიას, ჩინეთის პოლიტიკასა და ისტორიას ასწავლიან.

„თავიდან საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე და მეორად ენად ავირჩიე ჩინური… იმ დროს ჩინური მართლა “ჩინური” იყო ჩემთვის, მაგრამ ისე დამაინტერესა ენამაც, კულტურამაც, რომ როცა შესაძლებელი გახდა, სინოლოგიაზე გავაკეთე არჩევანი და ახლა საერთაშორისო ურთიერთობებია ჩემი მაინორ [მეორადი - რ.თ] სპეციალობა. მაგისტრატურასაც სავარაუდოდ სინოლოგიის მიმართულებით გავივლი, ჩინურის ცოდნა ჩემს პირვანდელ პროფესიაშიც დამეხმარება, ჩინური ენის ცოდნა ბევრ პერსპექტივას ხსნის თუნდაც საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით“, - ამბობს თსუ-ს სტუდენტი, ნინო ხუბულავა. მან ამ სემესტრში მესამე კურსი დახურა და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დრაკონის ნავების ფესტივალში მონაწილეობდა.

„ქალბატონი სიუ, ელჩის მოადგილე კულტურის საკითხებში, ყველა ღონისძიებაზე დადის, რაც ჩინეთს ეხება“, - ამბობს ის.

ჩინეთის საელჩო საქართველოში მართლაც გულდასმით ადევნებს თვალს სინოლოგიური პროგრამების ოფიციალურ და არაოფიციალურ ღონისძიებებს უნივერსიტეტებში და გარდა იმისა, რომ სტუდენტებს ჩინეთის სახელმწიფო სტიპენდიებს სთავაზობს, საქართველოს სასწავლო დაწესებულებებსაც ეხმარება ჩინური პროგრამების გაუმჯობესებაში.

მაგალითად, 2014 წელს მაშინდელი ელჩის, იუე ბინის ინიციატივით ჩინური ენის სახელმძღვანელოები და ჩინეთის შესახებ ლიტერატურა აჩუქეს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს. ერთი წლის შემდეგ, როცა უნივერსიტეტში ჩინური ენისა და კულტურის ოთახი გაიხსნა, საელჩომ სტუდენტებისთვის ავეჯი და კომპანია HUAWEI-ს ტექნიკა თავისი ხარჯებით იყიდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორებს შორის 9 ჩინური უნივერსიტეტია. გარდა სამეცნიერო და კვლევითი თანამშრომლობისა, მათი ნაწილი თსუ-ს სტუდენტებს ენის კურსებში, საზაფხულო სკოლებსა და სხვა პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობასაც აძლევენ. 2015-დან 2022 წლამდე თსუ-დან 6 სტუდენტი წავიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით.

ნებისმიერს, ვინც ენის ცოდნის გარკვეული დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს ფლობს და ჩინეთში უნდა სწავლის გაგრძელება, შეუძლია ჩინეთის მთავრობის სტიპენდიაზე შეიტანოს განაცხადი და სრული დაფინანსებაც მოიპოვოს, ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ხუბულავა. ამ შანსს ყოველწლიურად 20 ადამიანი მაინც იყენებს ჩინეთში განათლების მისაღებად. ყოფილა შემთხვევები, როცა დამატებითი სტიპენდიებიც გაცემულა.

„მხოლოდ თებერვლიდან ოთხმა ჩვენმა სტუდენტმა გაიმარჯვა ამ კონკურსებში და აგვისტოში მიემგზავრებიან ჩინეთში. ერთი მიდის პეკინის უნივერსიტეტში, სამნი ხანჭოუს უნივერსიტეტში, ესეც ისტორიული ქალაქია. გარდა ამისა, იქ არიან ჩემი სხვა სტუდენტები, რომლებიც უკვე მაგისტრატურაზე სწავლობენ. უკან დაბრუნებული ყოფილი სტუდენტებიც მყავს, ვინც ახლა ჩვენს პროგრამაზე მასწავლებლებად მოვიწვიე. მეც ვიყავი მიწვეული კონფუცის კონფერენციაზე, ჩვენთანაც სულ ჩამოდიან სტუმრად. ახლაც გვყავს ერთი ჩინელი ლექტორი, რომელიც აქ ჩამოვიდა ქართული ენის სასწავლად, ენათმეცნიერების ფაკულტეტზე ისწავლა და თან ჩვენს სტუდენტებს ასწავლის ჩინურს“, - გვიყვება თსუ-ს სინოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი. მან სინოლოგიის, როგორც დისციპლინის შეტანა უნივერსიტეტში 15 წლის წინ დაიწყო და ჩინური ენის მიმართ ინტერესის ზრდას მთელი ამ დროის განმავლობაში აკვირდება.

ჩინეთში მთავრობის სტიპენდიების პროგრამაში 279 უნივერსიტეტია ჩართული - ქართულ უნივერსიტეტებს მხოლოდ 20-მდე უნივერსიტეტთან აქვთ თანამშრომლობის გამოცდილება. ჩინეთში განათლების მიღების მსურველებს სხვადასხვა პროვინციაც აფინანსებს, დამატებით თავად უნივერსტიტეტებიც გასცემენ სტიპენდიას უკვე წარჩინებული სტუდენტებისთვის.

საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობით ჩინეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და კანადის შემდეგ. ამავე დროს, აშშ-ში საერთაშორისო სტუდენტების ყველაზე დიდი ჯგუფი - 340 ათასზე მეტი სტუდენტი - ჩინეთის მოქალაქეები არიან.

მეტი აჩვენე

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახელმწიფო, ერთი შეხედვით, უხვად გასცემს სტიპენდიებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის და ცდას არ აკლებს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდის მისაზიდად ჩინურ უნივერსიტეტებსა თუ ენის კურსებზე, იმ საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ჩინეთის სახელმწიფოს სტიპენდიებით სწავლობენ, უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობის 15%-ს არ აჭარბებს.

ჩინეთში ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან არა მარტო ენის შესასწავლად ან ქვეყნის გასაცნობად მიდიან, არამედ ჩინური უნივერსიტეტების ინგლისურენოვან პროგრამებზე სასწავლებლადაც. ამის მიზეზი ისაა, რომ ზოგადად, ინგლისურ ენაზე სწავლა ჩინეთში გაცილებით იაფია, ვიდრე ევროპისა და შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში.

Საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, რომელიც საზღვარგარეთ წასვლის მსურველებისთვის სტიპენდიების გამცემი სახელმწიფო ორგანიზაციაა, ქართველი სტუდენტები ყველაზე ხშირად დიდ ბრიტანეთს, შეერთებულ შტატებს, გერმანიას, ავსტრიას, იტალიასა და საფრანგეთს ირჩევენ სასწავლებლად.

„დასავლეთის უნივერსიტეტებში სტიპენდიების შემცირებისა და ჩინეთის მხრიდან ინტერესის ზრდის ფონზე, დღეიდან ათ წელში, ჩვენ მივიღებთ ქართველების ახალი თაობის შეცვლილ რეალობას, ჩინური უნივერსიტეტის დიპლომებით და მსოფლიოს იმგვარი ხედვით, როგორც ეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გაერთიანებული ფრონტის შესაბამისი განყოფილებების კარგად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების პრიზმიდან ჩანს“, - წინასწარმეტყველებს საქართველოში ჩინეთის გავლენების მკვლევარ და ყოფილ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის დაფუძნებული ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“.

ამ წინასწარმეტყველებიდან თითქმის 4 წელი გავიდა და Ჩინეთი საზღვარგარეთ წასული სტუდენტების მიერ არჩეული ქვეყნების პირველ ათეულში ჯერაც არ შედის.

ცინტაოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის შენობაში ერთად ფრიალებს ჩინეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის დროშები. 2018 წელი

ჩინეთის აკადემიურ ინსტიტუტებში პროგრამებს კომუნისტური პარტიის ცენზურა აქვს გავლილი. წესები კი, რაც სტუდენტურ კამპუსებსა თუ უნივერსიტეტებში მუშაობს, ისეა შედგენილი, რომ სახელმწიფოს მოქალაქეების კონტროლის სრული შესაძლებლობა ჰქონდეს. მაგალითად, უცხოელ სტუდენტებს კანონით მოეთხოვებათ იცხოვრონ სტუდენტური საცხოვრებლის სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ნაწილებში, რომელიც ადგილობრივი სტუდენტების საცხოვრებლისგან გამიჯნულია.

„გარდა ამისა, ინფორმაციაზე წვდომაა ძალიან შეზღუდული - ვერ უყურებ დასავლურ მედიას, იქნება ეს CNN, BBC თუ რამე სხვა. დაბლოკილია ინტერნეტში უამრავი გვერდი, მათ შორის - Facebook, Google, Netflix, თავიანთი მესენჯერპლატფორმები აქვთ და იმას იყენებ კომუნიკაციისთვის.

პრობლემაა უახლეს სამეცნიერო კვლევებზე წვდომაც - სამეცნიერო კვლევის გაკეთება თუ გინდა, წყაროები, რომელსაც იყენებ, ძირითადად ჩინურია და საერთაშორისო ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემებზე თითქმის არ მიგიწვდება ხელი. [სტუდენტები] VPN-ით ცდილობენ აკრძალულ და დაბლოკილ საიტებზე შესვლას, მაგრამ ხშირად ესეც ითიშება“, - გამოცდილებას გვიზიარებს ანი მამუჩაშვილი.

ის 2014 წელს წავიდა ჩინეთში ტურისტული ვიზით და მიზნით, რომ სამედიცინო განათლებას სწორედ ამ ქვეყანაში მიიღებდა. ანი სწავლის ხარჯებს პირველ ეტაპზე თავად ფარავდა - ჯერ ჩინური ენის სწავლა დაიწყო იმის მიუხედავად, რომ ინგლისურენოვან პროგრამებზეც შეეძლო ესწავლა და შემდეგ, ნიმბოს უნივერსიტეტში ჩააბარა, ჭეძიანის პროვინციაში.

პირველი კურსის მიწურულს უკვე შეძლო სტიპენდიის მოპოვება, სწავლაც მოსწონდა და რომ არა პანდემია, შემდეგ საფეხურზეც გადავიდოდა, მაგრამ მკაცრმა კონტროლმა, თავისუფლების შემზღუდველმა უამრავმა წესმა და მხოლოდ გაფილტრულმა ინფორმაციამ უკან, საქართველოში დაბრუნება გადააწყვეტინა. დღეს ის უმცროს ექიმად მუშაობს თბილისის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში და სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში წასასვლელად ემზადება. აღმოჩნდა, რომ ჩინეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში უფრო რთული ყოფილა, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

Guilin, China - სურათზე გამოსახულია ბრინჯის ტერასები ნისლიან ამინდში. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სანახაობებით სავსე ადგილია: წყალზე თეატრი; ანიმ ეს ფოტო ერთ-ერთი ტურისტული გასვლისას გადაიღო.

ანის ჩინეთში გატარებული წლებიდან განსაკუთრებით უსიამოვნოდ ახსენდება ცენზურის მიერ დაჭრილი ფილმები იმგვარად, რომ მაყურებელს არ ენახა სექსუალური ურთიერთობის ამსახველი არცერთი კადრი და არ გაეგო უხამსი სიტყვები. ასევე ადგილობრივი სტუდენტების დამოკიდებულება.

„ჩინელი მეგობარი ვერ გავიჩინე, რასაც მეგობარი ჰქვია. ვეცადე რამდენჯერმე, მაგრამ არ გამოვიდა. შეიძლება კულტურული სხვაობაც არის, მაგრამ უმეტესობა ძალიან ზედაპირულია, ინფანტილური, ცდილობენ ინგლისურად გელაპარაკონ, რომ ენის ცოდნა გაიუმჯობესონ და შენ გაქვს განცდა, რომ გიყენებენ“, - იხსენებს ანი.

კვლევები აჩვენებს, რომ საერთაშორისო სტუდენტების დაკავშირება ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებთან ზოგადად გამოწვევაა და ჩინეთში ეს საკითხი კიდევ უფრო რთულდება.

Ningbo, China - სურათი ანიმ გადაიღო ერთ-ერთ მეტროსადგურთან, სადაც დაპარკინგებულია ელექტრო გასაქირავებელი ბაიკები/ველოსიპედები, მარტივად გადასაადგილებლად. გადასახდელი თანხა, ასევე მიზერული და შეღავათიანია.

საერთაშორისო სტუდენტების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ აკადემიურ პერსონალს თუ რიგით მოქალაქეებსაც. Ზოგჯერ ეს გადაჭარბებული ინტერესია, ზოგჯერ უსაფუძვლო პრივილეგიები. დაკვირვებული თვალი ადვილად ამჩნევს იმასაც, რომ დიდია ვნება, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები სახელისუფლებო პროპაგანდამ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს, - გვეუბნება ნენე ახობაძე, რომელმაც ჩინეთის ჯამში ხუთი წელი დაჰყო.

ის 2015 წელს ენის ერთწლიან კურსებზე წავიდა ჭეძიანის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტში, თუმცა იქ ჩასულმა აღმოაჩინა რომ ენის ცოდნის გაუმჯობესების გარდა ეს პროგრამა ძალიან დატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით, ექსკურსიებით, მოგზაურობის შესაძლებლობებით. სწორედ ამ დროს მიხვდა ნენე, რომლის ჯგუფშიც სულ 8 უცხოელი სტუდენტი იყო, რომ ევროპული გარეგნობის მქონე სტუდენტები უპირატეს მდგომარეობაში არიან, მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩასულ სტუდენტებთან შედარებით.

„გარდა იმისა, რომ უპირატესობა ჩინური ენის მცოდნე სტუდენტს ენიჭება, ცოტა რასისტული კრიტერიუმებიც აქვთ, მაგალითად: ვისაც უფრო თეთრი კანი, დიდი თვალები და კეხიანი ცხვირი აქვს, მეტი შანსი აქვს. თეთრი კანი და დიდი თვალები ნიშნავს, რომ ლამაზი ხარ. ერთხელ რეკლამაშიც გადაგვიღეს მე და ჩემი მექსიკელი ჯგუფელი“, - ამბობს ნენე. იმ დროს, როცა ის სწავლობდა ხანჭოუში, უცხოელი სტუდენტები ჯერ კიდევ ეგზოტიკა იყო. ქუჩაში ხშირად აჩერებდნენ ფოტოს გადაღების მსურველები, ჩინეთის ხელისუფლება კი მათ იმის საჩვენებლად იყენებდა, როგორი მიმზიდველია ჩინეთი, ჩინური კულტურა და განათლება ევროპელი სტუდენტებისთვის.

„2018 წელს მაგალითად დაგვიფინანსეს მოგზაურობა სხვა ქალაქში, სადაც ჩვენს მასწავლებლებთან ერთად გაგვიშვეს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც ისეთი ცხოვრება გვქონდა, ფილმებში რაც გვინახავს, იქნებოდა ეს ჩინური ახალი წლის აღნიშვნა თუ სხვა რამეები - ამ მოგზაურობას ტელევიზიაც იღებდა, უნდოდათ ეჩვენებინათ, რა რეაქცია ჰქონდათ უცხოელ სტუდენტებს მათ ტრადიციებზე - შიდა პროპაგანდისთვის იყო ეს განკუთვნილი“, - გვიყვება ნენე. მას გარეგნობამ შემდეგ წლებშიც კარგი სამსახური გაუწია, სთავაზობდნენ მოდელობას, მსახიობობას, ბლოგერობას, რეკლამაში მონაწილეობას. უცხოელი სტუდენტებისთვის დასაქმების კიდევ ერთი, ნახევრად ლეგალური გზა ინგლისური ენის გაკვეთილებია და აქაც ნენე უკეთეს ანაზღაურებას იღებდა, ვიდრე იმავე კვალიფიკაციის ადგილობრივი მასწავლებელი, რომელიც მეტი დატვირთვით მუშაობდა.

ჭეძიანის პროვინციის უნივერსიტეტების მიერ გამართული საშემოდგომო კონცერტის კულისებში ნენე ადგილობრივ ბავშვებთან ერთად. 2017 წელი

„სანამ ჩავიდოდი, 2015 წლამდე მე სხვანაირი ჩინეთი ვიცოდი. ვიცოდი, რომ მივდიოდი კომუნისტურ, დიქტატორულ, საბჭოთა კავშირისნაირ ქვეყანაში, ჩავედი და დავინახე, რომ მშვენივრად არის აწყობილი ეს ქვეყანა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და მდიდარ პროვინციებში - რა თქმა უნდა, მერე რომ ჩამოდიხარ, ამბობ, რომ სხვანაირი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. ჩინეთში კომუნიზმი განსხვავდება საბჭოთა კომუნიზმისგან, ამ ჩინურ კომუნიზმს საკმაოდ ბევრი რამ აქვს აღებული კაპიტალიზმისგან, რისგანაც შეუძლია ხელისუფლებას სიკეთის მიღება. ყოველდღიურობაში შეიძლება ვერც კი იგრძნო, რომ კომუნისტურ ქვეყანაში ცხოვრობ. მხოლოდ ისაა უცნაური და თვალშისაცემი, რომ იქ პოლიტიკაზე საქართველოსგან განსხვავებით თითქმის არასოდეს ლაპარაკობენ, განსაკუთრებით მოხუცები“, - იხსენებს ნენე, რომელიც ჩინეთის ისტორიის მაგისტრის დიპლომით დაბრუნდა სამშობლოში ორი წლის წინ. სამაგისტრო ნაშრომი ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობასა და კომუნისტური წყობის განსხვავებებზე დაწერა.

ჩინეთის უნივერსიტეტებში აკრძალულია მსჯელობა ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტზე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპებსა და კონსტიტუციონალიზმზე. დადგენილებით, რომელიც კომუნისტურმა პარტიამ 2013 წელს მიიღო, აკრძალული თემების განხილვის შემთხვევაში აკადემიურ პერსონალს დისციპლინური სასჯელი დაეკისრება.

ეს ფოტო ნენემ 2021 წელს გადაიღო ერთ-ერთ მუზეუმში, რომელსაც ქალთა განვითარების მესამე გლობალური ფორუმის შემდეგ ქალაქის დათვალიერებისას ესტუმრა.

„ჩინეთის მიღებული პრაქტიკაა, რომ რბილი ძალის ფარგლებში განათლების კუთხითაც ავრცელებს გავლენებს და ამას ახერხებს სხვადასხვა მეთოდებით: პირველი არის ეს საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამები, მეორე - ენის და კულტურის ინსტიტუტების ჩამოყალიბება ქვეყნის გარეთ, რომელთაგან ყველაზე დიდი ქსელი აქვს კონფუცის ინსტიტუტს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სამოქალაქო იდეის“ მკვლევარი ანა კინწურაშვილი.

საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება კონფუცის ინსტიტუტების ქსელის გაფართოებასაც ითვალისწინებს. „სამოქალაქო იდეამ“ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განათლების სამინისტროს მიმართა:

„გვაინტერესებდა, რამდენად იცოდნენ ამ ინსტიტუტების პროგრამების შესახებ, მოგვწერეს, რომ წარმოდგენა არ აქვთ რას აკეთებენ ეს ინსტიტუტები და არც მათი ლეგალური სტატუსის შესახებ ფლობენ ინფორმაციას - გამოდის, რომ დამოუკიდებელი ავტონომიური ორგანიზაციებია ჩამოყალიბებული საუნივერსიტეტო ბაზაზე“, - ამბობს ანა.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის - სუ ლაოშის ჩინური კალიგრაფიის ლექცია, 2024 წელი

„საერთო სურათი და შთაბეჭდილება ისაა, ჩინეთშიც და აქაურ კონფუცის ინსტიტუტშიც, რომ დიახ, ასწავლიან ჩინურ ენას, თუმცა ასევე ისმენ დადებით ნარატივს ჩინეთზე. მთლიანობაში ეს სტრატეგია ალბათ მეტწილად წარმატებულია, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი სტუდენტის თავისუფალ არჩევანზე და აზროვნებაზეა დამოკიდებული - შეგიძლია ისწავლო ჩინური ენა და არ გაიზიარო ისეთი ნარატივები, რასაც შეიძლება არ იზიარებდე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მედეა ივანიაძე, რომელიც ჩინეთში ენის კურსებზე 2018 წელს წავიდა კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიით, მანამდე კი თბილისში, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში სწავლობდა ჩინურს.

მარქსისა და ენგელსის ბანერი პეკინის ქუჩებში - ეს ბანერი არის ნაწილი გამოფენისა, რომელიც ჩინეთში მარქსიზმის გავრცელების ისტორიას ეძღვნებოდა. 2018 წელი

„ენის სწავლებასთან ერთად ლექტორების ნაწილის ნარატივი ფოკუსირებული იყო ჩინეთის მხოლოდ დადებითად წარმოჩენაზე. მაგალითად, თუ როგორი “განვითარებულია” ჩინეთი, როგორი “სასარგებლო” იქნება საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება. ღონისძიებებიც ამაზეა ფოკუსირებული - ჩინური კულტურა, ყველაფერი დადებითი, განცხადებები ჩინეთთან დაახლოების სურვილზე. ბოლო წელს, მახსოვს, ჩინეთის დიპლომატიურ ენასაც გვასწავლიდნენ, თუმცა სრულიად უკონტექსტოდ“, - გვიყვება მედეა და იხსენებს, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ჩინეთში გაატარა, არ ტოვებდა განცდა, რომ იყო ავტორიტარულ ქვეყანაში, სადაც ყოველ ნაბიჯში იგრძნობოდა კომუნიზმთან შეზავებული ნაციონალიზმი. ახლა ის რონდელის ფონდის თანამშრომელია და პერიოდულად იკვლევს ჩინური რბილი ძალის გამოვლინებებს კავკასიაში.

ქალაქი ცინტაო, სადაც მედეა ცხოვრობდა ჩინეთში სწავლის დროს. 2018 წელი

დისკუსია კონფუცის ინსტიტუტების შესახებ 2014 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ დროს დაიხურა შვედეთში ევროპაში პირველი კონფუცის ინსტიტუტი, როგორც კომუნისტური ჩინეთის იდეოლოგიის გამტარებელი სასწავლო დაწესებულება და „რბილი ძალის“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ბევრ ქვეყანაში დაფიქრდნენ ჩინური ენის სწავლების ცენტრების ქსელის მართებულობის შესახებ.

შვედეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩინეთში გაიტაცეს და დააპატიმრეს ეთნიკურად ჩინელი შვედი ავტორი, გამომცემელი და პრესის თავისუფლების ქომაგი სი ძინპინზე დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო - მისთვის წაყენებულ ოფიციალურ ბრალდებაში ეწერა, რომ სხვა ქვეყანას გადასცემდა სადაზვერვო მონაცემებს ჩინეთის შესახებ. გუი მინჰაის დაკავების შემდეგ შვედურმა პენცენტრმა მას ჯილდო გადასცა სიტყვის თავისუფლებისთვის დაუღალავი შრომისთვის, ჩინეთმა შვედეთს სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა. გუი მინჰაი მხოლოდ ერთია ორასამდე ავტორს, გამომცემელსა და ჟურნალისტს შორის, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლებას ჰყავს დატყვევებული - ჩინეთი პირველ ადგილს იკავებს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობით.


2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც 188 ქვეყნის მონაცემების ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩინეთის მთავრობის სტიპენდიებიც და კონფუცის ინსტიტუტის პროგრამებიც ხელს უწყობს უცხოელი სტუდენტების მიზიდვას, თუმცა ისინი სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობენ: თუკი სამთავრობო სტიპენდიები ძირითადად ხარისხის მქონე ან ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს იზიდავს, კონფუცის ინსტიტუტით მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების გამო ინტერესდებიან.

განსხვავებაა გეოგრაფიასა და ჩინეთის გავლენის მასშტაბზეც: კონფუცის ინსტიტუტები უფრო პოპულარულია ისეთ ქვეყნებში, რომელიც ჩინეთისგან გეოგრაფიულად დაშორებულია და ჩინური კულტურის გავლენას ნაკლებად განიცდის.

კონფუცის ცენტრები ერთგვარი „კუნძულებია“, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის წესები მოქმედებს. მაგალითად, 2018 წელს ორ გერმანელ ჟურნალისტს უფლება არ მისცეს სიტყვით გამოსულიყვნენ გერმანიაში, კონფუცის ინსტიტუტში, სი ძინპინზე მათი კრიტიკული სტატიების გამო. მაშინ გერმანიაში ჩინეთის კონსულმა განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი, სი ძინპინი, „ხელშეუხებელია“. ზოგადად, ჩინეთი მკაცრად აკონტროლებს არა მხოლოდ გარე აქტორების მიერ ოფიციალურ ჩინეთზე გაკეთებულ განცხადებებს, არამედ საკუთარი მოქალაქეების ქცევას, ნარატივებსა და პირად კონტაქტებსაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მათი საზღვარგარეთ ყოფნის დროს. არსებობს მოსაზრება, რომ კონფუცის ინსტიტუტების ერთ-ერთი დამატებითი ფუნქცია სწორედ ჩინეთიდან წასული ჩინეთის მოქალაქეების კონტროლი და მათ შესახებ მონაცემების შეგროვებაც შეიძლება იყოს.

მონაცემები ასახავს 2020 წლის მდგომარეობას.

კონფუცის ინსტიტუტები ხელს უწყობენ ოფიციალური ჩინეთის ნარატივების გავრცელებას ტაივანისა და ტიბეტის შესახებ, ახშობენ დისკუსიას ისეთ ტაბუდადებულ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად, ტიანანმენის სასაკლაო ან უიღურების და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებების მასობრივი შელახვა ჩინეთში.

ჩინელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე კონფუცი და მისი იდეოლოგია, რომელიც საზოგადოების მოწესრიგებას და ჰარმონიულად ცხოვრებას გულისხმობდა ნებისმიერ ფასად, მიუღებელი იყო კომუნისტური ჩინეთის მთავარი იდეოლოგის, მაო ძედუნისთვის, რომელიც 1949 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ებრძოდა კონფუციანელობას, წვავდა კონფუცის წიგნებს და ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსის ნააზრევებს ანაცვლებდა კომუნისტური პარტიის დებულებებით. ლეგენდარული კონფუცის სახელს კომუნისტური ჩინეთი დასავლეთში ლოიალური დამოკიდებულების მოსაპოვებლად იყენებს. კონფუცის პირველი ინსტიტუტი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 2004 წელს გაიხსნა. იმ დროს უკვე არსებობდა მიზანი, რომ 2010 წლისთვის ჩინურის სწავლის პროცესში მყოფი უცხოელების რიცხვს უნდა მიეღწია 100 მილიონისთვის.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მარინე ჯიბლაძე თანახმა იყო ჩვენი კითხვებისთვის წერილობით ეპასუხა და ამისთვის 9 ივლისს ორდღიანი ვადაც ითხოვა. 12 ივლისს გაგზავნილ წერილზე, რომლითაც ვახსენებდით, რომ მისგან პასუხებს ველოდებოდით, მას აღარ მოუწერია.

საქართველოში მომუშავე ყველაზე ძველი კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოსაზრებები ორ ძირითად საკითხზე გვაინტერესებდა:

  • ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებამ რა შესძინა განათლების სფეროს: ახლა უფრო მეტად თუ თანამშრომლობს ინსტიტუტი ჩინურ უნივერსიტეტებსა და სასწავლო დაწესებულებებთან, გაიზარდა თუ არა წვდომა გაცვლით პროგრამებსა და სტიპენდიებზე და ასევე, თუ გაიზარდა ქართველი ახალგაზრდების დაინტერესება ჩინური ენით.
  • რას იტყოდა იმ მოსაზრების საპასუხოდ, რომ განათლება ჩინეთისთვის გავლენების რბილი ძალის ერთ-ერთ ინსტრუმენტია.

კითხვები ჩინეთთან საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ გავუგზავნეთ განათლების სამინისტროსაც. გვაინტერესებდა, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან რამდენმა სტუდენტმა ისარგებლა ჩინეთის მთავრობის სტიპენდიებით და საზღვარგარეთ განათლებისთვის წასული სტუდენტების საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს შეადგენს ჩინეთში განათლებამიღებული ქართველი ახალგაზრდების რაოდენობა. კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მსგავსად, განათლების სამინისტრომაც ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.