NDI-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი მისია დაიწყო

საილუსტრაციო ფოტო: თბილისი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოში გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო. შემფასებლების გუნდში ხუთი ანალიტიკოსი, მისიის ხელმძღვანელი და თანაშემწეები იქნებიან.

ისინი დააკვირდებიან საარჩევნო კამპანიის პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიასა და საინფორმაციო გარემოს, აგრეთვე გენდერისა და ინკლუზიის საკითხებს.

„მომავალი თვეების განმავლობაში NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა“, - წერია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

მისიის წევრები საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ და ნოემბრის ბოლომდე დარჩებიან. ისინი შეხვდებიან მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს.

საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს სრულად პროპორციულის სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.