გერმანიაში ჟურნალისტ-გამომძიებლების გაერთიანებამ Netzwerk Recherche-მა (NR) თავისი რიგებიდან გარიცხა ჰუპერტ ზაიპელი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფია დაწერა და ამისთვის მოსკოვიდან ასი ათასობით ევრო მიიღო.
როცა ცნობილი გახდა, რომ ზაიპელი კრემლზე მუშაობს, მისი წიგნები ამოიღეს გაყიდვიდან და ფილმები მოხსნეს გერმანიის ტელეარხების მედიათეკებიდან. ზაიპელი რამდენიმე წელი იყო გაერთიანების წევრი, რომელშიც გერმანიის ჟურნალისტები შედიან.
ის გამოდიოდა შეხვედრებზე და უძღვებოდა დისკუსიებს.
„ჰუპერტ ზაიპელდმა თავისი ქცევით დაარღვია დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ძირითადი წესები და ჩვენი პროფესიის რეპუტაციას უდიდესი ზიანი მიაყენა“ - უთხრა გაერთიანების თავმჯდომარემ, დანიელ დნეპერმა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხს ZDF-ს.
ZDF-ის პროგრამა Frontal-ის ჟურნალისტებმა ჟურნალისტ-გამომძიებლების საერთაშორისო კონსორციუმთან, გამოცემებს Spiegel-სა და Washington Post-სთან ერთად ფარდა ახადეს ზაიპელის მიერ პუტინზე წიგნისთვის ოფშორული ფირმიდან გასამრჯელოს მიღებას. მედიის თანახმად, ზაიპელს წიგნისთვის გადაუხადეს 600 ათასი ევრო.
ამის შესახებ ჟურნალისტმა არ აცნობა არც გამოცემას, არც ტელეარხ NDR-ს, რომლისთვისაც ის მუშაობდა. დნეპერმა ზაიპელს უკვე ნოემბერში, როცა მასალები გამოქვეყნდა, მოსთხოვა კავშირის დატოვება, მაგრამ ის უარზე იყო. ახლა, თავის წლიურ შეხვედრაზე კავშირმა ის გარიცხა.
ჰუპერტ ზაიპელი გერმანიაში ცნობილი ჟურნალისტია და კარგად იცნობს რუსეთს. მისი ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, ასევე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენთან გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ს ეთერში გადაიცა.
ივნისის დასაწყისში ზაიპელმა მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის ეკონომიკურ ფორმუმში. დიდი ალბათობით მას არ გაუწყვეტია კავშირები რუსეთთან.
ასევე ნახეთ პუტინი ასწავლის რუსებს, როგორ გახდნენ "ნამდვილი კაცები"