სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებ რამაზ ბეღელურს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბეღელურს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაკავებულის დედამ ნორა ბეღელურმა აცნობა. მას კი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიაწოდეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 40 წლის რამაზ ბეღელური, საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 29 აპრილს გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ბეღელური ოკუპირებულ დისევთან ახლოს დაიჭირეს, თუმცა დაკავებულის დედა, ნორა ბეღელური ამბობს, რომ შვილი სოფლის სასაფლაოზე, ძმის საფლავის გასასუფთავებლად იმყოფებოდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.
რამაზს ნათესავები დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ და მხოლოდ მეორე დღეს, მეზობელი სოფლიდან გაიგეს, რომ ის ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულის დედა იმასაც ამბობს, რომ რამაზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ეპილეფსია აქვს და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება. ისიც ცნობილია, რომ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დაკავებების შემდეგ გაუარესდა, მას არაერთხელ სცემეს ცხინვალში.
რამაზ ბეღელური 2021 წლის თებერვალშიც დააკავეს, მაშინ მან ცხინვალის ციხეში ორი თვე გაატარა. იმავე წლის პირველ აპრილს გაათავისუფლეს და მას შემდეგ მუდმივი მკურნალობა სჭირდება. რამაზ ბეღელურმა გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს უამბო, რომ პირველი და მეორე დაკავებისას ავტომატის კონდახებით სცემეს, მესამე დაკავებისას აღარ უცემიათ, მაგრამ მეოთხედ უკვე რკინის გასაღებებით თავი გაუტეხეს. მას შემდეგ იგი პერიოდულად გონებას კარგავს.
აი, რას ამბობდა ბეღელური 2021 წლის აპრილში: „ძალიან ცუდად ვარ. ახლაც რომ ვლაპარაკობ, შეიძლება უცბად ცუდად გავხდე და წავიქცე. პირველ დაჭერაზე მაგრად მცემეს, ავტომატის კონდახები მირტყეს. მეორეზე მაგრად მცემეს. მესამეზე არა მცემეს. მეოთხეზე ცხინვალში ერთმა თავი გამიტეხა. ჯანმრთელობა დამიმძიმდა. ცუდად ვხდები და ვითიშები. მაგის გამო დავდივარ საავადმყოფოში. მანამდე მე ცუდად არ გავმხდარვარ“.
დაკავებულის დედამ, ნორა ბეღელურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რამაზთან კონტაქტზე მათი ცხინვალელი ნათესავია, რომელმაც ცხინვალის ციხეში მედიკამენტები და ჰიგიენის საშუალებები შეიტანა.
„ჩვენი ცხინვალელი ნათესავი იყო ციხეში შესული და რაც სჭირდებოდა, შეუტანა. წამლები. ჰიგიენის საშუალებები, შაქარი და სხვა პროდუქტები. ადრე რამაზი მეუბნებოდა, რომ დღე-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთ პურს აძლევდნენ, ამიტომ წამლების გარდა პროდუქტებიც სჭირდება. უსაფრთხოების სამსახურიდან მეუბნებიან, რომ მის გასათავისუფლებლად მუშაობენ და ვნახოთ რას იზამენ. წითელ ჯვარს არ დავკავშირებივარ, რადგან ამ ჩვენმა ნათესავმა უკვე შეუტანა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა, მაგრამ მომავალში ალბათ მათაც დავუკავშირდები“, - უთხრა ნორა ბეღელურმა რადიო თავისუფლებას.
სოფელი გუგუტიანთკარი ოკუპირებულ დისევს და ხელჩუას ესაზღვრება, გუგუტიანთკარის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზი გადის და იქ მუდმივად პატრულირებენ „ეფესბეს“ ე.წ. მესაზღვრეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ. ცხინვალის ციხის პატიმრებს ხშირად არაადამიანურად და სასტიკად ეპყრობიან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იქიდან გამოსული მოქალაქეების ნაწილი ღიად ელაპარაკა, ნაწილი კი ამ ფაქტს მალავს. მაგალითად, მეჯვრისხევის მცხოვრებმა ხვიჩა მღებრიშვილმა ღიად ილაპარაკა მასზე ძალადობის შესახებ. სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი თავიდან მალავდა საოკუპაციო ძალების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტს, მაგრამ მოგვიანებით ამის შესახებ განაცხადა. მას ტანზე ბევრი სისხლჩაქცევა ჰქონდა და მის მკურნალობას დიდი დრო დასჭირდა. ზაზა გახელაძეს საერთოდ ცეცხლი გაუხსნეს და დაკავებისას ფეხში დაჭრეს. სოფელ ბერშუეთის მცხოვრებ შოთა ბიძინაშვილს დაკავებისას სასტიკად სცემეს. ის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იჯდა ცხინვალის იზოლატორის საკანში. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, რომლებიც ცხინვალის ციხის ყოფილ პატიმრებს თავს გადახდათ.
23 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა დანიშნული, ამ შეხვედრაზე რამაზ ბეღელურის გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელებენ.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.