სომხეთის კოტაიკის რაიონში ავიაკატასტროფა განიცადა საბჭოთა წარმოების იაკ-52 ტიპის სასწავლო თვითმფრინავმა, რომლის ორივე პილოტიც ჩამოვარდნის შემდეგ დაიღუპა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანი და კურსანტი არმენ ხაჩატრიანი.
იაკ-52 მოდელის სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი საბჭოთა კავშირში 1979-1995 წლებში გამოდიოდა. ეს თვითმფრინავები განკუთვნილია პილოტების საწვრთნელი ფრენებისთვის. მის ეკიპაჟში ორი წევრია - პილოტი და ერთი მგზავრი.
რადიო თავისუფლებას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 539-ე სტატიით, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო თვითმფრინავების მომზადების და ექსპლუატაციისა და ფრენის წესების დარღვევას და ასევე გულგრილობას, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.