საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
უწყება, ასევე, ციტირებს მინისტრ დარჩიაშვილს, რომელიც ირწმუნება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და "ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს".
მედიასთან კომენტარის დროს დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უნგრეთს, თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
"ახალი ამბავი არ არის, რომ უნგრეთი ძალიან აქტიური მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისად, გვახარებს, რომ უნგრეთის მთავრობასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ეხმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ჩვენ გვახსოვს 2 წლის წინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც საქართველოს უსამართლოდ ყოველგვარი მიზეზების, ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, დღეს უკვე თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, რა თქმა უნდა, უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მეტად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას... ჩემი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს იყო, ჩამოვსულიყავი ვიზიტით თავმჯდომარე ქვეყანაში, რომელმაც ახლა დაიწყო კონკრეტული დღის წესრიგის განხორციელება, გაგვეცვალა მოსაზრებები. ტრადიციულად, უნგრეთის იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას კვალინდებურად გააგრძელებს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
იგი ასევე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში წარმატებულად მონაწილეობდა.
„პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი. საქართველო აქტიურად მუშაობს ბევრი მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი მიღწეულ იქნას. პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება", - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ ევროკომისიამ უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ნახეთ უნგრეთი ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანაა - რას მოასწავებს ეს ევროპის ულტრამემარჯვენე ძალებისთვისსაქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.
„დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო...
[ევროკავშირის ლიდერები] საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ“, - თქვა ელჩმა 9 ივლისს და დაამატა, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ უხსნიდა, რა შედეგი მოჰყვებოდა „აგენტების კანონის“ მიღებას.
მაისში მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით, 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა მის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.
იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.
ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა