უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდა ერთიანობისა და სიმტკიცისკენ, რათა რუსეთს ომის დასრულება აიძულონ.
ზელენსკიმ, რომელიც მეორე დღეა ლონდონში იმყოფება, ინტერვიუ მისცა ბრიტანულ BBC-ს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ დასავლელი მოკავშირეები სიძლიერეს შეინარჩუნებენ, რუსეთთან ომის „ცხელი ფაზა“ შესაძლოა ამ წლის ბოლომდე დასრულდეს.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთზე მთელი მსოფლიოს ზეწოლა, რათა ის მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან ომის შეწყვეტის შესაძლებლობის განსახილველად. უკრაინის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ყველა ტერიტორიას აუცილებლად ძალის გამოყენებით დაიბრუნებენ. „ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას დახმარება შეუძლია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ ვიქტორ ორბანმა კიევში ჩაიტანა წინადადება „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე“ - ვიზიტის დეტალებიუკრაინის პრეზიდენტი დასავლეთის სახელმწიფოებისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთისგან ისევ ითხოვს ნებართვას, რომ მათგან მიღებული იარაღით რუსეთის ტერიტორიას მანძილის შეზღუდვის გარეშე დაარტყან. ზელენსკიმ ეს 18 ივლისს განაცხადა ლონდონში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას და გაიმეორა BBC-სთან ინტერვიუშიც. პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებს სურთ რუსებს პასუხი გასცენ ზუსტად იმ წერტილებში, საიდანაც ისინი ისვრიან.
2024 წლის ივნისში, ხარკოვის ოლქზე რუსეთის ინტენსიური შეტევის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ხარკოვის ოლქს ესაზღვრება.
დღეს, 19 ივლისს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.