თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს, რომლის განხილვაც დოკუმენტის მოწინააღმდეგეთა მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილები მოითხოვდნენ დეპუტატებისგან, რომ გამოსულიყვნენ ხალხის წინაშე, რაც კანონმდებლებმა უგულებელყვეს.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის წინ მოხდა რამდენიმე შეტაკება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
„აფხაზი ხალხის გარეშე დღეს ცდილობენ მიიღონ კანონი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ ადგილობრივი ტელეგრამის არხებთან საუბარში.
კანონის მოწინააღმდეგეები, კერძოდ, ფიქრობენ, რომ აპარტამენტის თაობაზე მომზადებული ნორმა, არასაცხოვრებელი ფართების შეძენის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების უფლებასაც მისცემს, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს.
"ეხო კავკაზას" ცნობით, სოხუმში სიტუაცია დაძაბულია.