უკრაინელ მოქალაქეთა 44% მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა - სოციოლოგიური გამოკითხვა

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მხოლოდ სამოქალაქო პირები, რომლებიც არ არიან ჩაბმულნი საბრძოლო მოქმედებებში.

უკრაინელთა თითქმის ნახევარი (44%) მიიჩნევს, რომ დადგა დრო რუსეთთან ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. ასეთია იმ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, რომელიც კიევში მდებარე „რაზუმკოვის ცენტრმა“ ჩაატარა კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამასთან გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მხოლოდ სამოქალაქო პირები, რომლებიც არ არიან ჩაბმულნი საბრძოლო მოქმედებებში.

"ამჟამად შეუძლებელია არმიის აზრის შესწავლა, რომელიც ატარებს ომის ტვირთს და აქვს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი ხმის უფლება რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია კვლევის შედეგები მთელი ქვეყნის აზრად მივიჩნიოთ", - ხაზგასმულია სოციოლოგიურ კვლევაში.

უფრო მეტი უკრაინელი, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას (60%), ცხოვრობს ქვეყნის სამხრეთით, ხოლო ყველაზე ნაკლები (33%) - აღმოსავლეთში.

მაგრამ ყველა რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად, უკრაინამ თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს რუსეთის მიერ ანექსირებული ქვეყნის ოთხი რეგიონიდან. ასევე, მოქალაქეთა 58% არ ეთანხმება უკრაინის ნეიტრალურ, არაბლოკურ სტატუსს, რასაც მოსკოვი ასევე მოითხოვს.

ასევე ნახეთ

ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ივლისს განაცხადა, რომ ნოემბრისთვის ქვეყნის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები შეიმუშავებენ მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობის გეგმას. პირველი ასეთი ფორუმი შვეიცარიაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე 15-16 ივნისს გაიმართა.

ასევე ნახეთ

უკრაინის სამშვიდობო სამიტის დოკუმენტის პროექტი "ყველა მხარეს" მოუწოდებს იმუშაონ სამომავლო მოლაპარაკებაზე


შედეგად, 80 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი კომუნიკე გამოქვეყნდა, რომელიც ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი ერთგულებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამიტს "წარუმატებელი" უწოდა და განაცხადა, რომ არ აპირებენ მონაწილეობას მეორეში.

ასევე ნახეთ გენერალი სირსკი მზად არის შეწყვიტოს ცეცხლი, რადგან არ სჯერა ჩვენი გამარჯვების - დეპუტატი მარიანა ბეზუჰლა