ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას. როტაციის წესით, უნგრეთი 1 ივლისიდან გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა.
ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილება 15 ივლისს, ღამით გამოაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა. მისი ინფორმაციით, უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ევროკომისია წარმოდგენილი იქნება მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეებით მხოლოდ საბჭოს არაოფიციალურ სხდომებზე. მამერის ცნობითვე, უნგრეთში ევროკომისიის კოლეგიის ვიზიტი არ შედგება.
ევროკავშირის და ნატოს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კიევის და მოსკოვის შემდეგ, 8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.
ევროკავშირმა და ნატომ განაცხადეს, რომ ვიქტორ ორბანი მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებს.
ასევე ნახეთ ორბანი მიშელს სწერს, რომ პუტინთან უკრაინის ომზე ევროკავშირის ეგიდით არ უსაუბრია - გაჟონილი დოკუმენტი
15 ივლისს გამოცემა Politico-მ დაწერა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები აპირებენ ბოიკოტი გამოუცხადონ საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას, რომელიც აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში უნდა ჩატარდეს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა დარგის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრებს ორგანიზებას უწევს როტაციის წესით თავმჯდომარედ მყოფი ქვეყანა. ამ შეხვედრებში, როგორც წესი, მონაწილეობენ ევროკომისრებიც.
ასევე ნახეთ ორბანი ტრამპს შეხვდა