ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბმა სტრატეგია შეცვალა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ბაიდენი და ტრამპი პოტენციური მეტოქეები არიან საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება. Reuters-ის ცნობით, ბაიდენის შტაბმა გადაწყვიტა, უარი თქვას ტრამპის წინააღმდეგ ვერბალურ შეტევებზე და აქცენტი გააკეთოს ეროვნული ერთიანობის აუცილებლობაზე.
სააგენტოს წყაროთა ინფორმაციით, დონალდ ტრამპზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში ჯო ბაიდენის შტაბმა გააუქმა ერთ-ერთი სატელევიზიო რეკლამა და შეაჩერა სხვა პოლიტიკური კომუნიკაცია, მათ შორის ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ ტრამპის დამნაშავედ ცნობის საქმის გაშუქება. მონაცემების გაყალბების ეს საქმე ეხებოდა პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობ სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდას.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა, პოლიტიკაში ტემპერატურა დაწიონ14 ივლისს, ამერიკელებისადმი თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პოლიტიკა მშვიდობიანი დებატების ადგილი უნდა იყოს და არა ბრძოლის ველი. ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, პოლიტიკაში ტემპერატურა დაწიონ.
შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, 13 ივლისს ესროლეს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. ტყვიამ ტრამპს ყურის ზედა ნაწილი დაუზიანა. სროლისას დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე და ორი დაიჭრა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო მიტინგზე ცეცხლი გახსნა 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსმა. ის პენსილვანიის შტატის ქალაქ ბეტელ-პარკში ცხოვრობდა. კრუქსის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცავების წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
დონალდ ტრამპი, რომელიც კლინიკიდან მალევე გაწერეს, ამჟამად იმყოფება ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში. იქ დღეს, 15 ივლისს, იწყება რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც ტრამპს ოფიციალურად წარადგენენ პრეზიდენტობის კანდიდატად.
დონალდ ტრამპმა თავდასხმის შემდეგ პირველ ინტერვიუში, რომელიც გამოცემა Washington Examiner-ს მისცა, განაცხადა, რომ ყრილობაზე გამოსვლის ტექსტი შეცვალა და ის ფოკუსირებული იქნება არა პრეზიდენტ ბაიდენის კრიტიკაზე, არამედ ქვეყნის ერთიანობაზე.