პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები გმობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას პენსილვანიის შტატში. უკვე კეთდება შეფასებები, რომ 20 წლის მეთიუ კრუქსის ნასროლი ტყვია, რომელმაც გააჩინა შიში პოლიტიკაში მეტი ძალადობის რისკებზე, გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიის შემდგომ ხასიათზე.
„შოკირებული ვარ სროლით, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს მოხდა.
დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახს. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
"პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. მკაცრად ვგმობ თავდასხმას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტრამპზე თავდასხმას.
„შოკირებული ვარ პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი ფიქრები მასთან და მსხვერპლებთანაა”, - ეს ევროპარლამენტის თავმჯდომარის, რობერტა მეცოლას გამოხმაურებაა.
„შოკირებული ვარ ცნობებით პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმაზე, რომელსაც მე მკაცრად ვგმობ. კიდევ ერთხელ ვხედავთ პოლიტიკური წარმომადგენლების მიმართ ძალადობის მიუღებელ აქტებს“, - დაწერა X-ზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
"საფრანგეთი იზიარებს ამერიკელი ხალხის შოკს და აღშფოთებას", - ასე დაგმო ძალადობა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
„მე და სარა შოკირებული ვიყავით პრეზიდენტ ტრამპზე აშკარა თავდასხმით. ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისა და მალე გამოჯანმრთელებისთვის“, - დაწერა მომხდარიდან მალევე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ X-ზე.
"ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს. ძალადობამ არასოდეს უნდა გაიმარჯვოს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე და აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია მომხდარით.
დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან საქართველოშიც.
"პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე და სამძიმარს უცხადებს ინციდენტისას დაღუპული მოქალაქის ოჯახს.
"ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!" - ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოხმაურებაა X-ზე. მისი ინგლისურ ენაზე გაკეთებული შეფასება ამ პლატფორმაზე განსხვავდება ფეისბუკზე ქართულად დაწერილი სტატუსისგან, რომელშიც კობახიძე არარსებულ და პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოგონილ "გლობალური ომის პარტიას" ახსენებს.
"გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს" - ესაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული შეფასება.
კობახიძემდე "გლობალური ომის პარტია" ტრამპთან კონტექსტში ახსენა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.
"პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება - გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა.
საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…" - წერს დეპუტატი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
"იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და გამოხატა შეშფოთება მომხდარის გამო.
ასევე ნახეთ FBI: იდენტიფიცირებულია ტრამპზე თავდამსხმელი - ის 20 წლის მეთიუ კრუქსია