ევროკავშირმა საქართველოს უსაფრთხოებისთვის €354 მილიონზე მეტი დახარჯა - EEAS

ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს.

ევროკავშირის საგარეო მოქმედების სერვისი(EEAS) აქვეყნებს მონაცემებს, რომლებიც ასახავს ინფორმაციას 2008-2024 წლებში საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გამოყოფილ თანხაზე. ევროკავშირის მონიტორინგის მისია(EUMM) საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს.

საქართველოში ამ მისიის მოქმედების ფარგლებში

  • 2008-2024 წლებში 345 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა;
  • 2023-2024 წლის ბიუჯეტი 47 მილიონ ევროზე მეტია.

მისიის მიზანია:

  • ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნება და საომარი მოქმედებების თავიდან აცილება;
  • აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების ხელშეწყობა;
  • კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება.

„ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - წერია სოციალურ ქსელ X-ში EEAS-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის 2021-2023 წლებში დაიხარჯა 62 მილიონი ევრო. კერძოდ, ეს თანხა მოხმარდა

  • ორ სრულად ეკიპირებულ გადასატან სამედიცინო დაწესებულებას;
  • სამედიცინო აღჭურვილობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში;
  • 42 სატვირთო მანქანას;
  • 96 ინდივიდუალური და 17 ჯგუფური ტიპის საინჟინრო ნაკრებს;
  • კიბერუსაფრთხოების ტრენინგებსა და ვარჯიშებს.

ამავე პოსტში აღნიშნულია, რომ 2024 წლისთვის გამოყოფილი დახმარება შეჩერებულია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „აგენტების კანონის“ მიღების გამო ევროკავშირმა საქართველოს შეუჩერა თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება.

„ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“, - უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს.

ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა

უფრო ადრე, 5 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო სწავლება უვადოდ გადადო.

ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაუგებარი უწოდა პარტნიორი ქვეყნების ამ გადაწყვეტილებებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ კი თქვა, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება სამარცხვინოა:

„ევროკავშირის ელჩის განცხადება სამარცხვინო და მიუღებელია - დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს?!“