ძლიერმა ქარმა საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, მოსახლეობის ნაწილი დააზარალა.
ქარმა, რომელიც დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროენერგიის ბოძები. სოფელში, სულ მცირე, ხუთ სახლს სახურავები აქვს გადახდილი.
გარდა ამისა, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. წაქცეულია სიმინდის ნათესები.
სოფელში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი გზებს მოგლეჯილი ხეებისგან ათავისუფლებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზარალის დათვლა ხვალ დილიდან დაიწყება. ამ დროისთვის სოფლის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.