საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე, ერთი პირი [ნოდარ ნიშნიანიძე] დამნაშავედ ცნო. პროკურატურამ განცხადება 11 ივლისს გაავრცელა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, ნიშნიანიძემ „საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის [ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის] არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“.
ნიშნიანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) ჰქონდა წარდგენილი. სასამართლომ ნიშნიანიძე დამნაშავედ ცნო და ამ ბრალდებისთვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, მიუსაჯა.
საქართველოს პროკურატურის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ნიშნიანიძე ძებნილია და მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს.
შსს-მ საქმეზე გამოძიება 2022 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გავიდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მუქარის გზავნილებს იღებდნენ. ჩანაწერის მიხედვით, ნიშნიანიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერს, ლადო დვალიშვილს, ეუბნება, რომ თავისი სიძის (ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის) არასამართლიანად დასჯის გამო ყველას პასუხს მოსთხოვს. ნიშნიანიძე გაბრაზებულია, რომ ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების შემტევი, საქართველო-მაკედონიის მატჩში არ ათამაშა.
„ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ამ ამბავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და განცხადებაში დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის შესახებ შეიტყვეს, დაუყოვნებლივ აცნობეს შესაბამის ორგანოს.
„ფორმულის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შესახებ ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა დაწერა, რომ ნიშნიანიძის საუბრის ჩანაწერი თავად ყველაზე ბოლომ მოისმინა და მისი შინაარსი მისთვის „მძიმე და მიუღებელია".
აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებში არ გამოუძახებია.