რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა („ეფესბე“) ადიღეში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმის პრევენციის შესახებ განაცხადა. სახელმწიფო უწყება ირწმუნება, რომ "ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მკვიდრი", სავარაუდოდ, მაიკოპში სასულიერო პირების დახოცვას გეგმავდა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსის“ თანახმად, თავდასხმის პრევენციის შესახებ განაცხადა რუსეთის „ეფესბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა. სავარაუდო ეჭვმიტანილს ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა "აკრძალული ტერორისტული მასალები", ტერორისტული ორგანიზაციის დროშა, დანა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობის ნაწილები. მას ბრალად ედება "საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა".
რუსეთის უშიშროება ამტკიცებს, რომ თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილი "საზღვარგარეთ დამალვას" გეგმავდა. მაგრამ „ეფესბეს“ ცნობაში არ არის მითითებული, თუ კერძოდ რომელ ქვეყანაში აპირებდა იგი მიმალვას.
ორი დღით ადრე, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეხვედრა გამართა. როგორც ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის პრესსამსახური იუწყება, შეხვედრაზე ისაუბრეს "ურთიერთქმედების ეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ."
ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავ მაღალია ტერორიზმის საფრთხე.
- 21 ივნისს მაჰაჩყალასა და დერბენტში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, სინაგოგებსა და საგზაო პოლიციის პოსტზე ორმაგი თავდასხმების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.
- სროლის დროს დახოცეს ექვსი თავდამსხმელი, მათ შორის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელის ვაჟები და პროსამთავრობო პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“ ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი.
ასევე ნახეთ
მოკლული მღვდელი, გადამწვარი ეკლესიები და სინაგოგები. რა იწვევს ჩრდ. კავკასიის რადიკალიზაციას?ასევე ნახეთ
მაჰაჩყალაში კვლავ იყო სროლა - ტელეგრამის არხები