რუსეთი „სამხედრო პასუხით“ იმუქრება გერმანიაში შორი რადიუსის ამერიკული რაკეტების გამო

საილუსტრაციო ფოტო. ამერიკული ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ი

რუსეთი „ესკალაციის კურსის" ნაწილად განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, გერმანიაში განათავსოს შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები და საპასუხო ზომებით იმუქრება.

შეერთებული შტატების გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რუსეთის შესაკავებლად ევროპელი პარტნიორების დაცვის გაძლიერებას.

ვაშინგტონში, ნატოს სამიტის ფარგლებში, 10 ივლისს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების და გერმანიის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, 2026 წლიდან გერმანიაში განთავსდება ამერიკული ფრთოსანი რაკეტები Tomahawk-ი, საზენიტო რაკეტები SM6 და ახალი ზებგერითი იარაღი, რომლებსაც მოქმედების გაცილებით დიდი რადიუსი აქვთ, ვიდრე ევროპაში დღეს დისლოცირებულ სახმელეთო სისტემებს.

როგორც სააგენტო dpa წერს, ცივი ომის შემდეგ გერმანიაში ისევ განთავსდება რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიონ.

აშშ-ის და გერმანიის გადაწყვეტილებას ახალი საფრთხე უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. „ნერვების, ემოციების გარეშე შევიმუშავებთ პირველყოვლისა სამხედრო პასუხს ახალ საფრთხეზე“, - უთხრა დღეს, 11 ივლისს, ჟურნალისტებს რიაბკოვმა, რომელიც პეტერბურგში ესწრება BRICS-ის(ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის გაერთიანება) საპარლამენტო ფორუმს.

რიაბკოვის განცხადებით, პენტაგონის გადაწყვეტილება არის „რგოლი ესკალაციის კურსში" და „დაშინების ერთ-ერთი ელემენტი", რომელიც რუსეთისადმი აშშ-ის და ნატოს მთავარი ხაზია და მიზნად ისახავს რუსეთის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას.

.