ავტორი: ჯაბა თებიძე
მოვლენათა ანალიზი შეხედულებებისა და პოზიციების ცვლილებებისაკენ გვიბიძგებს ხოლმე. რთული ცხოვრებისეული გამოწვევები ჩვენსავე ყოფას თავის კალაპოტს აძლევს, სახასიათოს ხდის მას და პოზიტიური მცდელობების ფონზე ის ხდება ახალი შესაძლებლობების საფუძველი. მხოლოდ დემოკრატიული მოქალაქეობა წარმოადგენს შესაძლებლობების ნოყიერ საფუძველს. ავტოკრატიული სისტემა ეს პრივილეგირებულთა სისტემაა, ხოლო პრივილეგირებული მოქალაქეები როგორც წესი ჩაგრულთა ინტერესების უზრუნველსაყოფად არ არიან განწყობილნი, ეს კი იმის გამო ხდება, რომ პრივილეგირებული მდგომარეობა სხვათა მუდმივ ჩაგვრაზეა დამოკიდებული.
ხშირია როცა ძალაუფლების მქონე პირთა ინტერესებში არ შედის მასის ინტერესების დაცვა. ესეთ დროს საკუთარი პიროვნებისა და ოჯახის ინტერესების დაცვა თვითადვოკატირებით უნდა შეძლო. დემოკრატიის ფორმაციაში, ხალხის ფართო ინტერესები მხოლოდ მაშინ წარმოჩინდება და იქცევა ანგარიშგასაწევ ძალად, როცა სამოქალაქო საზოგადოება, პროფესიული გაერთიანებები, აკადემიური და საუნივერსიტეტო საზოგადოება საჯარო მოხელეთა საქმიანობის მონიტორინგში და ზოგადად საჯარო პოლიტიკის პროცესებში აქტიურად იქნებიან ჩართულნი. ჩართულობა - ეს არის რეალური არსი მოქალაქეობის, კვინტესენცია სამოქალაქო აქტივიზმის.
როცა მიცურავ ვულკანურ ლავაში და ცხოვრობ იქ, ტემპერატურასაც ვეღარ გრძნობ. ყოველ ეპოქას თუ საუკუნის დასაწყისს, საკუთარი გმირები და დამნაშავეები ყავს, თავისებური რასკოლნიკოვი. 1930’იანი წლების გერმანული საზოგადოება საკუთარი ყოველდღიურობით ცხოვრობდა, ყოველდღიური ვალდებულებებითა თუ გეგმებით, ფუნქციური სკოლებით, უნივერსიტეტებით, თეატრით, აქტიური საჯარო საზოგადოებრივი ცხოვრებით და ეს მაშინ, როცა მათივე ხელისუფლება კაცობრიობას ეტაპობრივად ომს უცხადებდა. 1950’იანი წლების გერმანული სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოება უკმაყოფილო იყო იმით, რომ გერმანიამ ომი წააგო და ნანგრევებად იქცა. სოციოლოგიური კვლევები ვერ გამოხატავენ ადამიანურ ტკივილსა და ტრაგედიებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული საზოგადოება ცხოვრობს აბსოლუტურ გამოუვალობაში. ესეთ პირობებში ავტონომიურობა საფრთხეა, როცა დამნაშავე რეჟიმმა შესაძლოა რეინკარნაცია განიცადოს. გამოუვალობა და ომის დანაშაულის საფრთხის ანალიზმა დასაბამი მისცა შემდგომში საერთაშორისო სამართალს და გაცილებით ხანდაზმულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს შესძინა ახალი სიცოცხლე.
აბსოლუტური ბოროტება ეს ალტერნატივების არ ქონაა, ის აბსოლუტური გამოუვალობის განცდაა. გამოუტანო განაჩენი საკუთარ თავს, ნიშნავს წაახალისო ის და მაშასადამე ვერ შედგე ადამიანად, წერდა მამარდაშვილი. 19-ე საუკუნის იტალიელი ფსიქოლოგი და კრიმინოლოგი ჩეზარე ლომბროზო საკუთარ ნაშრომებში განსაზღვრავს პიროვნების კრიმინალური ქცევის ნიშნებს. ლომბროზომ განსაზღვრა თანდაყოლილი და შემთხვევითი, იგივე შეძენილი კრიმინალის ცნება. ავტორი განსაზღვრავს კრიმინალის ოთხ ძირითად ტიპს, ესენია: მკვლელები, მოძალადეები, ქურდები და თაღლითები. კრიმინალს, განსაკუთრებით კი ომის დამნაშავეებს, ახასიათებთ ერთი საერთო ნიშანი - მესიანიზმი და იდეოლოგიზირებული ისტორიული მისიის პერსონიფიკაცია. ხშირია როცა იდეოლოგია მართავს და არა პიროვნება, ესეთ დროს რეჟიმი მემკვიდრეობითია, როგორსაც წარმოადგენდა საბჭო კავშირი. ლომბროზო განსაზღვრავს პოლიტიკოსთა ისეთ კატეგორიებს, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონმდებლობას კერძო ინტერესებს არგებს. ავტორი მათ ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში კრიმინალებს უწოდებს.
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები ბირთვული შანტაჟის მსხვერპლია. კრიმინალის რეციდივი, აქციო ნორმად და ეფექტურ პრაქტიკად, ნიშნავს აჩვენო ბირთვული შანტაჟის აქტორებს რომ შანტაჟი ეფექტურია და ის მუშაობს, ეს კი ნიშნავს წაახალისო კრიმინალი და აბსოლუტური გამოუვალობა ანუ აბსოლუტური ბოროტება. როცა საზოგადოების ნებისყოფას დაძლიოს და გაუმკლავდეს რა გამოწვევას, ძლევს შიში და გამომდინარე უალტერნატივობა, ის ახალისებს კრიმინალს და ხდება დანაშაულის თანამონაწილე. არსებობს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა ან აუცილებელი მდგომარეობით გამოწვეული მოქმედება. ყოველ კონკრეტულ მოვლენას გააჩნია საკუთარი ფაქტობრივი მოცემულობა, რომელიც სწორ ანალიზს საჭიროებს, რათა გამოირიცხოს მოჩვენებითი მოგერიების მდგომარეობა. სამაგალითოდ, ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც აგრესორი და ომის გამჩაღებელი სახელმწიფო იყენებს საკუთარი ქმედების გასამართლებლად.
ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს მიმდინარე კონფლიქტების სწორი და ეფექტური, როგორც იურიდიული ასავე მორალურ-ეთიკური ანალიზის დეფიციტი. საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწევთ ისეთი მექანიზმების შემუშავებაზე ფიქრი, რომლითაც ძალაუფლების უზურპირება შეუძლებელი იქნება. სამაგალითოდ გამოდგება ევროპული კავშირის სტრუქტურული ანატომია.
აბსტრაქტული სახელმწიფოებრიობა ყალიბდება კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულების პროცესში, სახელმწიფო ამოცანები კი წარმოადგენენ კერძო პირებისათვის არ გადაცემულ მოქმედებათა სფეროს. თუ ხარ რეალური სახელმწიფო უნდა შეგეძლოს გამოწვევებზე რეაგირება და მშვიდობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, შედგე სახელმწიფოდ ნიშნავს შედგე მოაზროვნე საზოგადოებად. კაცობრიობის ისტორია აჩვენებს რომ ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. მშვიდობას კი შენარჩუნება და დაცვა სჭირდება, ის მემკვიდრეობით ფენომენად უნდა იქცეს.