ადვოკატმა სერგეი საფრონოვმა მოახერხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას მონახულება ომსკში, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის No11 ციხის საავადმყოფოში. ადვოკატებს ექვსი დღის განმავლობაში არ ეძლეოდათ მისი ნახვის უფლება, იუწყება პოლიტიკოსის დაცვის წარმომადგენელი ვადიმ პროხოროვი.
„ვლადიმირ კარა-მურზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად შედარებით სტაბილურია, მაგრამ მას სჭირს მძიმე ქრონიკული დაავადება, პოლინეიროპათია, რაც ხელს უშლის მას სასჯელის მოხდაში“, - განაცხადა პროხოროვმა.
როგორც ადვოკატებმა გაარკვიეს, კარა-მურზა სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რატომ დაინიშნა სამედიცინო გამოკვლევა.
„ახლა ადვოკატები მართავენ კონსულტაციებს აუცილებელი ზომების განსასაზღვრად, რათა მომავალში თავიდან აიცილონ ადვოკატებზე წვდომის შესახებ პოლიტპატიმრის უფლებების ასეთი მნიშვნელოვანი დარღვევა“, - განაცხადა პროხოროვმა.
ასევე ნახეთ როგორ ეპყრობა სისტემა პოლიტპატიმრებს პუტინის რუსეთშიკარა-მურზა რუსეთში იხდის 25-წლიან სასჯელს ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებებით. ის და მისი მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან, რომ მას მხოლოდ პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის გამო დევნიან. Amnesty International-მა ის სინდისის პატიმრად აღიარა, „მემორიალმა“ - პოლიტიკურ პატიმრად. პოლიტიკოსის გათავისუფლება მოითხოვეს არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მთავრობებმა.