ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს შეჩერების შესახებ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკისა და ქმედებების პასუხად მიიჩნევს. პრეზიდენტი ერთ-ერთ მიზეზად ე.წ. აგენტების კანონის მიღებას ასახელებს.
„აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ის მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნულ 30 მილიონ ევროს გაყინვა. ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.
პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი - არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ „მაინც“ შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე „ორივე ქვეყნის სასარგებლოდ“ ტარდებოდა … ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება !!!)“, - დაწერა პრეზიდენტმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.
სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ პასუხობს შეკითხვას, რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რუსული.
„ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია, ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ „არჩევანი თქვენია“ ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან !
ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახევ კითხვას „რატომაა ეს კანონი რუსული?“ რატომ? … და ამიტომ!!!“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
9 ივლისს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე: „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 2024 წლისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ NGO-ების განცხადება: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.
ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო ასევე ნახეთ აშშ-ის ელჩი წვრთნების შეჩერებაზე: მკაფიოდ ითქვა, რომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა