ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო უბნები შუაღამემდე იმუშავებენ

რიგი საარჩევნო უბანთან თეირანში. 5 ივლისი, 2024 წელი

5 ივლისს, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრის საათები გახანგრძლივდა. მეორე ტური დაინიშნა, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ გამოცხადებულიყო აშკარა გამარჯვებულად 28 ივნისის კენჭისყრაში, როცა რეკორდულად დაბალი აქტივობა აღირიცხა.

საარჩევნო უბნების დახურვა დაგეგმილი იყო ადგილობრივი დროით, საღამოს 6 საათისთვის თუმცა, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კენჭისყრა გაგრძელდა შუაღამემდე.

ირანში არჩევნებისას ხშირად ხდება კენჭისყრის დასრულების დროის გახანგრძლივება. კანონით, კენჭისყრის დროის მეტად გახანგრძლივება შეუძლებელია.

წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, კენჭისყრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო შედეგების გამოცხადება 6 ივლისისთვისაა დაგეგმილი.

არჩევნებმა, რომელიც დაინიშნა, რადგან პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა მაისში, უნდა გამოავლინოს პრეზიდენტის ვინაობა რეფორმისტ დეპუტატ მასუდ ფეზეშქიანსა და ბირთვული მოლაპარაკების მონაწილე, მკაცრი ხაზის ყოფილ მიმდევარ საიიდ ჯალილის შორის.

ჯალილი არის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პირადი წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოში (SNSC). ის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო 2007-2013 წლებში, რა დროსაც ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციას დასავლეთთან წარუმატებელ მოლაპარაკებებში თეირანის ბირთვულ პროგრამაზე. მას არასოდეს დაუკავებია არჩეული თანამდებობა.

ასევე ნახეთ პრეზიდენტის არჩევნები ირანში - კრემლის ფავორიტი, რადიკალი, ზომიერი, „რეფორმატორი“