საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადებას ეხმაურება და წერს, რომ მმართველი პარტიის ქმედებების შედეგად, ახლა საფრთხე ექმნება აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რასაც თავდაცვის ძალების გაძლიერება ეფუძნება.
"ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად, ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე დაყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
სამხედრო წვრთნების "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის გადადებას გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროც და "დასანანი" უწოდა აშშ-ის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს, თუმცა უწყება გავრცელებულ განცხადებაში არ განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზებს.
"დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.
საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას", - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადოამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს ისინი ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და თითქოს მონაწილეობა მიეღო საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.
პენტაგონი აცხადებს, რომ „შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა, რომ ახლა შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად“.
2022 წლის აგვისტოში საქართველომ მეექვსედ უმასპინძლა „ღირსეულ პარტნიორს“.
საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობდა, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებდა.
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანი იყო საქართველოს, აშშ-ს, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
ასევე ნახეთ აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს