დასანანია აშშ-ის მიერ „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადება - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს შენობა - ფოტოილუსტრაცია

თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადებას.

"დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას", - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, სწავლების გადადების მიუხედავად, გრძელდება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები. მათივე თქმით, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“.

ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს ისინი ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და თითქოს მონაწილეობა მიეღო საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.

პენტაგონი აცხადებს, რომ „შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა, რომ ახლა შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად“.