ვიქტორ ორბანი: მოსკოვი და კიევი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეხვედრის შემდეგ, 5 ივლისს პრესკონფერენცია გამართეს.

მოსკოვში ვიზიტად მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომლის ქვეყანა 1 ივლისიდან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, განაცხადა 5 ივლისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რომ კიევი და მოსკოვი ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან. ორბანმა, რომელიც ხანმოკლე ვიზიტად ჩავიდა მოსკოვში ორი დღის წინ კიევში სტუმრობის შემდეგ, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, თქვა ასევე, რომ ის ამ საქმის კეთებას გააგრძელებს. უნგრეთის პრემიერი, ჩანს, გულისხმობს უკრაინის და რუსეთის ომში მომრიგებლის ამოცანის შესრულებას.

ორბანმა პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ, რომლის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იყო, თქვა, რომ ბევრი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, მაგრამ ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი, რათა აღვადგინოთ დიალოგიო.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებზე. ორბანთან საუბარი „გულწრფელი და სასარგებლო” იყო, თქვა პუტინმა. „ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა აზრთა საკმაოდ დეტალური, პირდაპირი და გულწრფელი გაცვლა აქტუალური, საერთაშორისო საკითხების, მათ შორის, უკრაინის კონფლიქტის გარშემო. ჩვენ ვისაუბრეთ მათი მოგვარების შესაძლო გზებზე“, - თქვა პუტინმა. პუტინის თანახმად, მან ორბანისგან მოისმინა კიევში შეხვედრების შესახებ, „სადაც წარადგინა წინადადებების რიგი, სხვათა შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობების წამოყენებისთვის, რომლებმაც შეიძლება გზა გაუხსნას რუსეთთან მოლაპარაკებას“.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოგვარების საკითხში „ჯერჯერობით პროგრესი არ არის“ და უკრაინას ბრალად დასდო, რომ მოლაპარაკების სურვილი არ აქვს.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ორბანი მოვიდა არა მხოლოდ როგორც რუსეთის „დიდი ხნის პარტნიორი“, არამედ როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე. მოგვიანებით ეს უარყო, სხვათა შორის, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ორბანი პუტინთან ჩავიდა, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი“ და, რომ „ევროპულ საბჭოს საგარეო პოლიტიკაში შარლ მიშელი წარმოადგენს“.

ორბანის და პუტინის შეხვედრა, რუსეთის სააგენტოების თანახმად, ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა. მასში მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ორბანის მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისას, განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერის გადაწყვეტილება უკრაინასთან „შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე“ იქნა მიღებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ის მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, დაიცვას პრინციპი „უკრაინის გარეშე უკრაინაზე შეთანხმება არ იქნება“.

ასევე ნახეთ ვიქტორ ორბანმა კიევში ჩაიტანა წინადადება „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე“ - ვიზიტის დეტალები