რიაზანში განსაკუთრებით მასშტაბური თაღლითობის საქმეზე დააკავეს პოლკოვნიკი არტიომ გოროდილოვი, რომელიც უკრაინაში ომის გამო აშშ-ის სანქციების სიაში იმყოფება. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს წყაროზე დაყრდნობით.
ფსბ-ს სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა გოროდილოვი მოსკოვში ჩაიყვანეს და საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო სამმართველოს წარმომადგენლებს გადასცეს. რა სახის დატაცებაში და რა თანხის თაობაზეა ბრალდებული გოროდილოვი, ჯერჯერობით უცნობია. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, „განსაკუთრებით დიდი ზომა“ იწყება ერთი მილიონი რუბლიდან.
2019 წლიდან გოროდილოვი იყო 234-ე სადესანტო-საიერიშო პოლკის მეთაური, რომელიც დისლოცირებულია ფსკოვში, ხოლო უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ იგი განალაგეს ბუჩაში, კიევის რეგიონში. მისი სახელი არაერთ უცხოურ მედიასაშუალებაში გამოჩნდა უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით. კერძოდ, New York Times-ის გამოძიებაში 234-ე პოლკის მედესანტეების მონაწილეობის თაობაზე ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში.
2022 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, თავდაცვის მინისტრის ბრძანებულებით, კიევის რეგიონში ბრძოლისთვის არტიომ გოროდილოვს ვადამდე მიენიჭა სამხედრო წოდება „გვარდიის პოლკოვნიკი“. მოგვიანებით იგი დაინიშნა უსურიისკში განლაგებული 83-ე ცალკეული სადესანტო-საიერიშო ბრიგადის მეთაურად.
„კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში გვარდიის პოლკოვნიკი აღნიშნულია სადესანტო-საიერიშო პოლკის მეთაურად.
რუსეთის ჯარი ბუჩაში 2022 წლის 27 თებერვალს შევიდა. მარტის ბოლოს უკან დახევის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ 400-ზე მეტი სამოქალაქო პირის ცხედრები აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ დაღუპულთა უმეტესობა დახვრიტეს, ზოგიც წამებით გარდაიცვალა. ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების, გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტები დაადასტურეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა გაერო და ეუთო.