საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან, რომელიც კვირას, 7 ივლისს გაიმართება, უკვე 190-მა პოლიტიკოსმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.
მათ ეს გააკეთეს უფრო ძლიერი ოპონენტის გამარჯვებისთვის, რომელიც დაუპირისპირდება ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატს. პირველ ტურში ულტრამემარჯვენეებს სარეკორდოდ მაღალი შედეგები ჰქონდათ. მათ პირველი ადგილები მოიპოვეს 577 ოლქიდან 297-ში. ზოგიერთი, მათ შორის პარტიის სახე და ყოფილი ხელმძღვანელი მარინ ლე პენი, პარლამენტში უკვე პირველ ტურში მოხვდა მას შემდეგ, რაც კენჭისყრაში მიცემული ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვა.
მეორე ტურში გავიდნენ კანდიდატები, რომლებმაც პირველ ტურში ხმების 50%-ზე ნაკლები, მაგრამ 12,5%-ზე მეტი მიიღეს. ადრე ჩვეულებრივი იყო ორი კანდიდატის შეჯიბრი. მაგრამ ამჯერად ამომრჩეველთა მაღალმა აქტივობამ (თითქმის 67%) და საფრანგეთის საზოგადოების პოლარულობამ განაპირობა ის, რომ უმეტეს ოლქში მეორე ტურში გავიდა სამი კანდიდატი, ხოლო რამდენიმეში - ოთხიც კი.
ასევე ნახეთ რას მოასწავებს საფრანგეთში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება ევროპისათვის?ძალთა ასეთი განაწილების პირობებში ლიდერებმა მემარცხენე კოალიციისა, რომელმაც ქვეყანაში საშუალოდ მეორე ადგილი დაიკავა პირველ ტურში, პირველ ტურში მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს მოუწოდეს, მოხსნან თავიანთი კანდიდატურები და მხარი დაუჭირონ უკეთესი პოზიციის მქონე ოპონენტს, რათა დაამარცხონ „ეროვნული გაერთიანება“. „მისთვის მეტი არც ერთი ხმა, არც ერთი ადგილი“, - თქვა ჟან-ლუკ მელანშონმა, მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დამფუძნებელმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩევლებს ასევე მოუწოდა მეორე ტურში ულტრამემარჯვენეების დაბლოკვისკენ. „‘ეროვნულ გაერთიანებასთან’ დაპირისპირებაში დადგა მეორე ტურში დემოკრატიული და რესპუბლიკური ერთიანობის დრო“, განაცხადა მან.
ლე პენმა ამომრჩევლებს მოუწოდა, „ეროვნულ გაერთიანებას“ „აბსოლუტური უმრავლესობა“ მიანიჭონ პარლამენტში. მან თქვა, რომ გამარჯვება პარტიას საშუალებას მისცემს, იმუშაოს საფრანგეთის „აღდგენაზე“ და „თავიდან აიცილოს ქვეყნის აღმოჩენა (...) ძალადობისკენ მიდრეკილი მემარცხენე რადიკალების ხელში“. მანამდე სოციოლოგიურმა ცენტრმა Ipsos-მა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომ „ეროვნულ გაერთიანებას“ პარლამენტში ექნება 280-მდე ადგილი, ანუ 577-ის თითქმის ნახევარი.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის ივნისის დამდეგს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში ქვეყანაში წარმატება მოიპოვეს ულტრამემარჯვენეებმა.