მინსკის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა სასჯელი 20 ანალიტიკოსსა და ექსპერტს, შეთქმულებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და "ექსტრემისტულ ფორმირებაში" მონაწილეობის საქმეზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ბელარუსის ხელისუფლება მათ უწოდებს ბელარუსის დემოკრატიული ძალების ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას "ანალიტიკოსებს".
სხვა ცნობილ ბელარუს ანალიტიკოსთა შორის, ფიგურირებს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი იური დრაკოხრუსტი, რომელსაც სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმეზე ყველა ბრალდებულის ქონება დაყადაღებულია.
პროკურატურის გამომძიებლების თქმით, ბრალდებულები, სავარაუდოდ, "შეუერთდნენ შეთქმულებას ბელარუსში სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით", "შეუერთდნენ ექსტრემისტულ ფორმირებას" და ასევე მიიღეს "აქტიური მონაწილეობა დესტრუქციული საქმიანობის კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებაში" და ხელს უწყობდნენ "საზოგადოებაში სოციალური მტრობისა და უთანხმოების წაქეზებას".
"ლუკაშენკას რეჟიმმა 20 ანალიტიკოსისა და ექსპერტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მათ ჩემი და ჩვენი ოფისის დახმარებაში დასდო ბრალი. ეს მამაცი ხალხი არაფერშია დამნაშავე, გარდა ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარულისა და დიქტატორის მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიებისა", - ასე გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ სვიატლანა ციხანოუსკაია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებას.
გასული წლის მარტში, მინსკის სასამართლომ თავად სვიატლანა ციხანოუსკაიას მიუსაჯა დაუსწრებლად პატიმრობა.
ასევე ნახეთ
მინსკის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ციხანოუსკაიას და კიდევ ოთხ ოპოზიციონერს