ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ახალი ზომები იმ ფონზე, როცა ევროპაში ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერა იზრდება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კი შესაძლოა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს და უკრაინის სამხედრო დახმარება შეამციროს. ამის შესახებ ნატოსა და აშშ-ში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს გამოცემა Wall Street Journal-ი.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ნატო ახალი ნაბიჯების შესახებ გამოაცხადებს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე, რომელსაც მომავალ კვირაში ვაშინგტონი უმასპინძლებს. ახალ ზომებს შორისაა უკრაინაში ნატოს მაღალჩინოსნის გაგზავნა და გერმანიაში განთავსება ახალი სარდლობის, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინისთვის ტექნიკით დახმარებას და სამხედროების გაწვრთნას.
Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, ოპერაციაში ჩაერთვება შეერთებული შტატების და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების 700-მდე სამხედრო და დიდწილად ნატო აიღებს თავის თავზე მისიას, რომელსაც ამერიკელები ასრულებენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
გამოცემის ინფორმაციით, ახალმა ინიციატივამ, რომელზეც ნატო უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნოემბრის არჩევნებში თავის მეტოქე დონალდ ტრამპთან ტელედებატებისას სუსტი შედეგი აჩვენა, ტრამპმა კი უკმაყოფილება გამოხატა უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯული ფულის მოცულობის გამო.
ასევე ნახეთ ბაიდენი vs ტრამპი: რა არ უნდა გამოგრჩეთ დებატებიდან