ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს პრეზიდენტობის პერიოდში ოფიციალური ქმედებებისთვის.
სასამართლოს მიერ 1 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, არაოფიციალურ ქმედებებზე იმუნიტეტი არ ვრცელდება.
უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიანდო იმის დადგენა, ტრამპის რომელი მოქმედება იყო ოფიციალური და რომელი - არა.
უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გადაავადებს პროცესს ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება შეთქმულებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით და შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სხვა საქმეებზეც.
დონალდ ტრამპი, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის არაერთი საქმეა აღძრული, 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატია.
ასევე ნახეთ ტრამპი დამნაშავედ ცნეს: რა იქნება ახლა?დონალდ ტრამპის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს 2024 წლის თებერვალში მიმართეს მას შემდეგ, რაც კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ტრამპს სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი არ იცავს. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მრავალთვიანი სასამართლო პროცესი საფრთხეს უქმნიდა ტრამპის და მილიონობით ამერიკელი ამომრჩევლის ინტერესებს. უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვამდე შეჩერდა პროცესი, რომელიც მარტში უნდა დაწყებულიყო და ეხება 2021 წლის იანვარში, კაპიტოლიუმზე ტრამპის მომხრეების თავდასხმას.
შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ტრამპის ნაწილობრივი იმუნიტეტის შესახებ, ექვსი კონსერვატორი მოსამართლის მხარდაჭერით მიიღო. წინააღმდეგი იყო სამი ლიბერალი მოსამართლე. მათ შორის სონია სოტომაიორი, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ცვლის პრეზიდენტის ინსტიტუტს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, რადგან ამიერიდან ნებისმიერ პრეზიდენტს შეუძლია ოფიციალური უფლებამოსილებით შენიღბულმა აკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს.
თავად დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა კონსტიტუციის და დემოკრატიის დიდი გამარჯვება. „ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ", - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social.
აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქეა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა საშიშ პრეცედენტად, რომელიც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. ბაიდენის განცხადებით, ამერიკა შეიქმნა იმ პრინციპის საფუძველზე, რომ ქვეყანაში მეფეები არ არსებობენ და კანონზე მაღლა არავინ დგას, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ქმედებებს საზღვარი, ფაქტობრივად, აღარ აქვს.
1 ივლისს, თეთრ სახლში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ საზოგადოებას უფლება აქვს საპრეზიდენტო არჩევნებამდე იცოდეს, რა როლი ჰქონდა ტრამპს 2021 წლის 6 იანვრის ამბოხებაში, თუმცა ეს, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ მოხდება.
ასევე ნახეთ ბაიდენი vs ტრამპი: რა არ უნდა გამოგრჩეთ დებატებიდან- მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
- 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
- 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
- კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.