30 ივნისს, კვირას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს.
როგორც ჩეხური მედია წერს, ასეთი გადაწყვეტილება გახდა შედეგი მათ შორის ვენაში გამართული შეხვედრისა, რომელზეც სამმა პოლიტიკოსმა „მომავალი ევროპის პატრიოტულ მანიფესტს“ მოაწერა ხელი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ევროკავშირი ევროპელებს საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდათ და ამჟამად წარმოადგენს ინტერესებს, რომლებიც სახელმწიფოების, რეგიონებისა და მცირე ხალხების ნებას ეწინააღმდეგება“.
„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი მემარჯვენე კოალიცია ევროპაში... თქვენ წინ ახლა უძლიერესი ავსტრიული, უნგრული და ჩეხური მემარჯვენე ძალები სხედან", - განაცხადა პრესკონფერენციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
იგი გულისხმობდა თავის პარტია „ფიდესს“, ავსტრიის "თავისუფლების პარტიასა" და ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტია „ანოს“, როლებმაც თავიანთ ქვეყნებში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვეს.
ვიქტორ ორბანმა 9 ივნისს ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ევროპაში "ახალი ერა იწყება."
ვიქტორ ორბანის დიდი ხნის თანამოაზრეა ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია "ანოს" ლიდერია და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მთავრობაში დაბრუნებას აპირებს.
ევროპარლამენტის ფრაქციებმა 15 ივლისამდე უნდა გამოაცხადონ თავიანთი სახელები და შემადგენლობა. მათში ევროკავშირის არანაკლებ შვიდი ქვეყნის 23 პარლამენტარი უნდა იყოს გაერთიანებული.
ევროპარლამენტში „ანოს“ შვიდი დეპუტატი ეყოლება, ორბანის „ფიდესს“ - 11, ხოლო ავსტრიის „თავისუფლების პარტიას“ - ექვსი.
ასევე ნახეთ
ორბანის მეტოქე: არჩევნებზე ძლიერი შედეგი უნგრეთისთვის გარღვევას მოასწავებსასევე ნახეთ
ევროპარლამენტის არჩევნების ანალიზი: ცენტრისტებმა უმრავლესობა შეინარჩუნეს