დღეს, 28 ივნისს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოხსენებას მოუსმინეს.
მთავრობის თავმჯდომარემ გაიმეორა ინიციატივა, რომელიც ვაზიანში დაგეგმილ ახალ აეროპორტთან, 70 000-იანი ტევადობის სტადიონის მშენებლობას გულისხმობს.
პრემიერ-მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურა სპორტული კომენტატორს, რომელმაც სტადიონის საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ამის გამო კობახიძემ მას „პოლიტიკურად მიკერძოებული“ უწოდა.
„ჩემდა გასაკვირად, ამ ინიციატივასაც [სტადიონის მშენებლობას] კი გამოუჩნდა კრიტიკოსები. კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს კრიტიკოსები თავს დებენ სპორტის გულშემატკივრობაზე, მათ შორის, ერთ-ერთი სპორტის კომენტატორი, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, გამოდიოდა და სცადა ამ პროექტის გაკრიტიკება. მე არ ვიცი ამას რა შეიძლება, დაერქვას, როცა ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული, როგორც ჩანს, დაბინდული გაქვს თავიდან ბოლომდე გონება და გულშემატკივრობაც გადადის უკანა პლანზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ [სტილი დაცულია].
Your browser doesn’t support HTML5
პრემიერი, სავარაუდოდ, გულისხმობდა გამოცდილ სპორტულ კომენტატორს ტატო ბაციკაძეს, რომელმაც გამოცემა BM.GE-სთან ინტერვიუში ილაპარაკა ახალი სტადიონის მშენებლობის ინიციატივის შესახებ.
„ქალაქში, სადაც მიხეილ მესხის და „დინამოს“ სტადიონია, კიდევ ერთი დიდი სტადიონის აშენება საჭირო არ არის. ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა ამ მომენტისთვის საჭიროებას ვერ ვხედავთ. თავდაპირველად, როდესაც თქვეს, რომ ამ სტადიონის აშენება უნდოდათ, გამიკვირდა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს „დინამო“ [„დინამო არენა“] თავის ფუნქციას დაკარგავდა. თუ ახალ სტადიონზე ნაკრებმა უნდა ითამაშოს, მაშინ „დინამოს“ [სტადიონს] აღარაფერი რჩება, გარდა თბილისის „დინამოს“ თამაშებისა, რაც სტადიონს შემოსავალს საერთოდ არ აძლევს და რეალურად ფუნქციასაც უკარგავს, - თქვა ტატო ბაციკაძემ და დაამატა, - რეალურად, უკეთეს რაღაცებში შეიძლებოდა გამოყოფილი ბიუჯეტის გამოყენება, ვიდრე იმ სტადიონის ასაშენებლად, რომელიც მგონია, რომ საჭირო არ არის. მაგალითად, ზუგდიდის სტადიონი, ლანჩხუთის სტადიონი ბოლო პერიოდში რომ ვნახე, კატასტროფულ მდგომარეობაშია. არადა, ისინი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული სტადიონებია“.
ასევე ნახეთ მთავრობა თბილისის ახალ აეროპორტთან სტადიონის აშენებას აანონსებსკობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სტადიონის პროექტის შესახებ თქვა: „[იგეგმება] ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში, რომელიც იქნება განკუთვნილი ფეხბურთისთვის და რაგბისთვის. იქნება გათვლილი 70 000 მაყურებელზე, რაც მოგვცემს საერთაშორისო უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობის საშუალებას. დღეს „დინამოს“ სტადიონზე ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. მაგალითისათვის, ჩვენ გვექნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ აშენდება ეს სტადიონი, ჩვენ უკვე აქედანვე დავიწყებთ განაცხადის შეტანას, იმისათვის, რომ 2028 წელს თბილისმა, ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმოჩენისთვის საერთაშორისო დონეზე“.
რამდენიმე დღის წინ ტატო ბაციკაძის მოსაზრებას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე დაუპირისპირდა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ხშირი სტუმარია. მან გამოცდილი კომენტატორი ფეხბურთის არცოდნაშიც კი დაადანაშაულა. „ფეხბურთის კომენტატორი აპროტესტებს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობას. ნონსენსია. რა გასაკვირია ტიპს ფეხბურთი არ ესმოდეს?!“ - დაწერა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ამირან სალუქვაძემ კომენტატორის შესახებ და მისი კომენტარი გააზიარა.