რუსეთი შრომითი მიგრანტების რაოდენობის შემცირებას ცდილობს ჯარში მათი გაგზავნით

მიგრანტებთან გასაუბრება მოსკოვის მიგრანტთა რეგისტრაციის ცენტრში. 22 აპრილი, 2015.

მოსკოვი შრომით მიგრანტებს უკრაინის ომში აგზავნის, რათა მათ დაიწყონ რუსეთის დატოვება. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე. მისი თქმით, ჯარში 10 ათასამდე მიგრანტი მოხვდა.

„იცით, ჩვენ ვიპოვეთ ხრიკი, რამაც გამოიწვია ის, რომ მიგრანტებმა რუსეთის ნელ-ნელა დატოვება დაიწყეს“, - მოჰყავს RBC-ს ბასტრიკინის სიტყვები, „ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციის დებულებების და ჩვენი კანონების შესრულება, რომ პირები, რომლებმაც მიიღეს მოქალაქეობა, უნდა დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“.

მისი თქმით, აღრიცხვაზე აყვანას ახორციელებენ მისი უწყების გამომძიებლები (ასეთი სამუშაო არ შედის საგამოძიებო კომიტეტის ამოცანებში - რ.თ.). „უკვე დაიჭირეს 30 ათასზე მეტი, ვინც მიიღო მოქალაქეობა, მაგრამ არ სურს სამხედრო აღრიცხვაზე დადგომა“.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ცენტრალური აზიის ქვეყნები რეგულარულად იტყობინებიან, რომ ომში იგზავნებიან შრომითი მიგრანტები, რომლებიც რუსეთში სამუშაოს საძებნელად ჩადიან. ამ ქვეყნების მთავრობები შეახსენებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ომში მონაწილეობის გამო ისინი შესაძლოა დაქირავებულ მეომრებად იქნენ მიჩნეული.

ბასტრიკინი, რომელიც საგამოძიებო კომიტეტს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს, არაერთხელ გამოსულა მიგრანტების წინააღმდეგ და მხარს უჭერდა საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას. საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ბოლო განცხადებები ამ თემაზე გაკეთდა რუსეთის ხელისუფლების მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების წინააღმდეგ კამპანიის ფონზე, რომელიც დაიწყო მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო კომპლექს „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ, რაშიც დანაშაული წაუყენეს რამდენიმე ემიგრანტს ტაჯიკეთიდან.