საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, ერთხმად (78 ხმით) მიიღო ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.
პროექტი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ - დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.
ასევე ნახეთ „ოიდიპოს მეფე“ უნდა აგვიკრძალონ?!“ - არის თუ არა ანტიევროპული „ქართული ოცნების" ინიციატივა10 ივნისს ინიციირებული კანონპროექტის კენჭისყრა 26 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის წინადადებით, ის ერთი დღით გვიან ჩატარდა. ამის მიზეზად მდინარაძემ სხდომაზე ოპოზიციის არყოფნა დაასახელა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს მათი პოზიცია კანონპროექტის შესახებ.
ლგბტ პირთა უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა კი გაურკვეველი დროით გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ოპოზიციას მოუწევს ამ საკითხზე პოზიციის გამოხატვა. მისი თქმით, კენჭისყრა გადაიდება იმ პერიოდისთვის, როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში.
ოპოზიციის დიდ ნაწილს კი პარლამენტში ბოიკოტი სხვა საკითხის გამო აქვს გამოცხადებული. ისინი სხდომებს ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ აღარ ესწრებიან.
26 ივნისს კანონპროექტის განხილვაზე კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრებმა.
ასევე ნახეთ წავიკითხეთ ლგბტ უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი - რა წერია იქკანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა არ გააგრძელონ მასზე მუშაობა.
ასევე ნახეთ ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს ურჩევს, არ გააგრძელოს ანტილგბტ კანონპროექტზე მუშაობასაპარლამენტო უმრავლესობა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტთა პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს, რომელიც 3 სექტემბერს იხსნება. პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს იხურება.