15 ივნისს, თბილისში, ვარკეთილში ნაცემი და მძიმე დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს, საავადმყოფოში გარდაცვლილი 19 წლის შაკო ისაევის მამა, ზურა ისაევი სამართლის აღსრულებას მოითხოვს და რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც მისი შვილის ცემასა და გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის.
პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალი დაუმძიმდა, თუმცა გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ მის შვილს 15-მდე ადამიანი ურტყამდა გამეტებით.
„დანარჩენები სად არიან? სად არის სამართალი?“
ის გვიამბობს, რომ 15 ივნისს, საღამოს, დაახლოებით ათ საათზე, მისი ვაჟი თავის მეგობართან ერთად უბანში გასასეირნებლად გავიდა - ფეხბურთის დაწყებას ელოდნენ და მანამდე მეგობრების მონახულება გადაწყვიტეს.
„საავიაციოზე სწავლობდა. ლექციები და პრაქტიკები ჰქონდა და რომ ამთავრებდა ხოლმე, ხვდებოდნენ კლასელები ერთმანეთს. მაგ დროს შეხვედრიათ ვიღაცები, მათ შორის, ვიღაც ასაკით დიდი კაციც და შელაპარაკება მოსვლიათ“.
როგორც ზურა ისაევმა თვითმხილველებისგან იცის, ერთ-ერთს მისი შვილისთვის პირდაპირ უთქვამს, „მე აქაურობის "მაყურებელი" ვარ, ვარკეთილი ხელში მიჭირავს, რასაც მინდა იმას გაგიკეთებო“ და დაურტყამს:
„მერე მითხრეს, 15 კაცი სცემდაო. ქალებიც ყოფილან იქ. ძირს დაგდებულს ურტყამდნენ თავში წიხლებს გამეტებით... ექიმები გაოცებულები იყვნენ, მისი დაზიანებები რომ ნახეს, ასე როგორ გაიმეტესო. იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა“, - ეუბნება ზურა ისაევი რადიო თავისუფლებას.
ნაცემია შაკო ისაევის ძმაც.
საქართველოს პროკურატურამ 21 ივნისს გაავრცელა ცნობა, რომ ბრალდება დაუმძიმდა სამივე პირს, რომლებიც თბილისში ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების იმ ფაქტზე დააკავეს, რასაც 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 15 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში მოხდა, როცა ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულებმა 19 წლის შაკო ისაევს სცემეს.
დაზარალებული საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც ის 21 ივნისს, მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
თავდაპირველად დაკავებულებს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდათ.
სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 10-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შაკო ისაევს სამშაბათს დაკრძალავენ.
ასევე ნახეთ პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა ვარკეთილში ცემის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ბრალდებულებს